„ლივერპულმა“ გადაწყვიტა რაიმე იღონოს, რათა მისი აფრიკელი ფეხბურთელები თავიანთი კონტინენტის თასზე სათამაშოდ დიდი ხნით არ წავიდნენ. ბოლოს და ბოლოს მოჰამედ სალაჰსა და სადიო მანეზეა ლაპარაკი.

გასულ სეზონში მერსისაიდელთა საჩემპიონო ამბიციებს ტრავმიანობამ მიაყენა დიდი ზარალი, ახლა კი კლუბი ფეხბურთელების გარეშე შესაძლოა აფრიკის ერთა თასმა დატოვოს.

სალაჰი ეგვიპტელია, მანე — სენეგალელი და არის კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც „წითლებს“ ნახევარდაცვაში დააკლდებათ. ეს გახლავთ გვინეის ნაკრების მოთამაშე ნაბი კეიტა.

აფრიკის ერთა თასი 2022 წლის 9 იანვრიდან 6 თებერვლამდე გასტანს. Covid 19-ის პანდემიის გამო ის შარშანდლიდან გადმოიტანეს. მერსისაიდელთათვის ცუდი ის არის, რომ ხსენებულ ხანგრძლივ პერიოდს კიდევ ემატება დღეები: ფიფას წეს-კანონთა თანახმად, შეჯიბრებაში მონაწილე გუნდებს უფლება აქვთ თავიანთი ფეხბურთელები 27 დეკემბრიდან შემოიკრიბონ. ფაქტობრივად, ინგლისურმა კლუბებმა თავიანთი აფრიკელი ფეხბურთელები ცნობილი „ბოქსინგ დეის“ მეორე დღიდან უნდა გაუშვან.

დროის იმ მონაკვეთში, რომელიც დავასახელეთ, „ლივერპულს“ შეიძლება 8 თამაშმა მოუწიოს. ამ რვა თამაშში შედის პრემიერლიგის ოთხი გარანტირებული მატჩი, პლუს სათასო მატჩები: ორი ფეხბურთის ასოციაციის თასზე და ორიც „კარაბაოს თასის“ ნახევარფინალში.

მაგრამ, იურგენ კლოპს სამივე ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციასთან კარგი ურთიერთობა აქვს და იმედოვნებს, რომ მათთან სულ მალე, ნოემბრის სანაკრებო კვირაშივე მოაგვარებს ყველაფერს. „მირორი“ წერს, რომ მერსისაიდელთა შეფს თავისი აფრიკელების დატოვება იანვრის დასაწყისამდე უნდა, რადგან 28 დეკემბერს „ლესტერ სიტისთან“ აქვს სათამაშო, 2 იანვარს კი „სტემფორდ ბრიჯზე“ „ჩელსის“ უნდა ესტუმროს.

ზემოთ აღვნიშნეთ, რომ აფრიკის ერთა თასის გათამაშება 9 იანვარს იწყება და სალაჰს, მანესა და კეიტას თავიანთ ნაკრებებთან სავარჯიშოდ კვირაზე მეტი მაინც დარჩებათ — სამივე ცხრაში ხომ არ თამაშობს. სენეგალს და გვინეას პირველი მატჩები 10 იანვარს უწევთ, ეგვიპტე კი ნიგერიას ორი დღის შემდეგ ხვდება.

აფრიკის თასის ფინალი 6 თებერვალს არის დანიშნული. თუ სამივე გუნდი ნახევარფინალს მაინც მიაღწევს, გამოდის, რომ ჩამოთვლილი ვარსკვლავები „ლივერპულს“ თებერვლის შუამდე, ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფამდე ვერ დაეხმარებიან.

ყველაზე მეტს „ფარაონებისგან“ ანუ ეგვიპტის ნაკრებისგან ელიან, მას სავარაუდოდ ჩემპიონობაზე ექნება პრეტენზია.

არადა, ეგვიპტელთა და ლივერპულელთა კერპი, მო სალაჰი არაჩვეულებრივ ფორმაშია, „ოქროს ბურთზეა“ წარდგენილი. მან ყველა შეჯიბრებაში ერთად 12 გოლი გაიტანა და ისე ეტყობა, რომ გაჩერებასაც არ აპირებს.

„აფრიკის თასი ჩინებული შეჯიბრებაა, მაგრამ ის ფაქტი, რომ იანვარში იმართება, ჩვენთვის კატასტროფაა. თან უფლებააყრილები ვართ. რომ ვთქვათ, „ჩვენ ფეხბურთელს არ ვუშვებთ“, მას დისკვალიფიკაციით დასჯიან. ამიხსენით, როგორ შეიძლება, კომპანია, რომელიც დაქირავებულ მუშახელს ხელფასს უხდის, მისი გაშვება-დატოვების საკითხს ვერ წყვეტდეს ?“, — თქვა კლოპმა 2020 წელს მიცემულ ინტერვიუში.