როგორც კი „ნიუკასლ იუნაიტედს“ ახალი პატრონი, საუდის არაბეთის კრონ-პრინცი მოჰამედ ბინ სალმანი გამოუჩნდა, ინგლისურმა კლუბმა სამსახურიდან მყისვე გაათავისუფლა 60 წლის მწვრთნელი სტივ ბრუსი და შემცვლელის ძიებას შეუდგა.

საუდელთა სიმდიდრიდან და ამბიციიდან გამომდინარე, არჩევა კატეგორიულად ცნობილი მწვრთნელებიდან დაიწყეს. ახსენეს ჟოზე მოურინიუ, ანტონიო კონტე, ფრენკ ლემპარდი, ლუსიენ ფავრი… მაგრამ, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე „ქერის ორმოში“ ჩავარდნის ყველაზე კარგი შანსი მაინც პაულუ ფონსეკას აქვს.

პაულუ ფონსეკა პორტუგალიელია, 48 წლის გახლავთ. ის მუშაობდა „პორტუში“, „შახტარში“ და ბოლოს „რომაში“.

ფონსეკას ბიოგრაფიიდან ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ მას უკვე ჰქონდა პრემიერლიგაში მუშაობის შანსი. ზაფხულში პორტუგალიელს „ტოტენჰემ ჰოთსპური“ იწვევდა და თითქოს მხარეები მოლაპარაკებულები იყვნენ, მაგრამ ლონდონელთა ახალმა სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ მოულოდნელად კატეგორიული უარი განაცხადა.

მას მერე, „რომას“ ყოფილი თავკაცი არსად მუშაობს და როგორც ახლა იტყვიან ხოლმე, „შესაფერის პროექტს“ ელოდება.

დიდი ბიუჯეტიდან გამომდინარე, „კაჭკაჭები“ ზაფხულში, სატრანსფერო ბაზარზე უეჭველად ბევრს დახარჯავენ და სწორედაც რომ „შესაფერის პროექტად“ წარმოაჩენენ თავს.

მაგრამ, არის ერთი გარემოება. „ნიუკასლ იუნაიტედს“ ჯერ ახალი სპორტული დირექტორი არ დაუნიშნავს, ხოლო ფონსეკას ასეთი მნიშვნელოვანი ფიგურის გათვალისწინების გარეშე დათანხმება შესაძლოა არ უნდოდეს.