გიორგი მამარდაშვილის გუნდის, „ვალენსიას“ მწვრთნელს ხოსე ბორდალასს დარჩა შთაბეჭდილება, რომ კვირას, „კამპ ნოუზე“, „ბარსელონასთან“ შეხვედრაში, მისი გუნდი მსაჯის არასწორი ჩარევის გამო დამარცხდა.
„ღამურებმა“ ანგარიში თამაშის დასაწყისშივე, მე-5 წუთზე გახსნეს, გოლი ხოსე ლუის გაიამ გაიტანა, მაგრამ 8 წუთში ანსუ ფატიმ არაჩვეულებრივი დარტყმით გაქვითა.
შესვენებამდე 4 წუთით ადრე „ბარსელონა“ პენალტით დაწინაურდა. თერთმეტმეტრიანი ზემოთ ნახსენები ფეხბურთელების, გოლების ავტორების ორთაბრძოლის შედეგად დაინიშნა: ფატი საჯარიმოში დაბალ პასს იღებდა და კარში აპირებდა დარტყმას, გაიამ კი ხელი შეუშალა. ერთი შეხედვით ვალენსიელი ბარსელონელს თითქოს შეეხო და წააქცია, თუმცა, მეორე მხრივ დარჩა შთაბეჭდილება, რომ მან ბურთს გაკრა ფეხი.
ასე იყო თუ ისე, მსაჯმა პენალტი დანიშნა და ჰოლანდიელმა მემფის დეპაიმ ბურთი თანამემამულე მეკარის, მამარდაშვილის კონკურენტის იასპერ სილესენის კარში ჩააჭედა.
მოგვიანებით, ფილიპე კოუტინიომ „ჩეებს“ მესამე გოლიც გაუტანა, მაგრამ დამარცხებულთა აზრით თამაშის ბედი პენალტმა გადაწყვიტა.
ბორდალასმა სადავო ეპიზოდის შესახებ ასე ილაპარაკა:
„შეხვედრა მეტისმეტად თანაბრად მიმდინარეობდა, ამიტომ, მისი ბედი სწორედ პენალტმა გადაწყვიტა. მე მოგვიანებით ჩანაწერი ვნახე.
თამაშის დროს გაიამ მითხრა, რომ მან პირწმინდად ბურთზე ითამაშა. ჩვენ ეს უნდა შეგვემოწმებინა და შევამოწმეთ კიდეც.
ვიმეორებ, ეს იყო შეხვედრის ბედის გადამწყვეტი მომენტი და თუ იქ მსაჯმა პენალტი დაინახა, მაშინ გაუგებარია რისთვის არსებობს VAR-ი.
ჩვენ უკიდურესად აღშფოთებულები ვართ. რაც მოხდა სრულიად გაუგებარია“.





