მთელმა მსოფლიომ მიაქცია ყურადღება, რომ „ატლეტიკოს“ მწვრთნელი დიეგო სიმეონე საფინალო სასტვენის შემდეგ გასახდელში გაიქცა. მას გამარჯვებული კოლეგისთვის, „ლივერპულის“ თავკაც იურგენ კლოპისთვის არ მოულოცავს. პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტებმა არგენტინელს ასეთი საქციელის განმარტება სთხოვეს. სიმეონემ შორიდან დაიწყო:

„ეს იყო რთული შეხვედრა ისეთი მეტოქის წინააღმდეგ, რომელსაც თამაში წაუვიდა. იმ შეხვედრებში, რომელთაც იგებს, „ლივერპულს“ ბევრი გოლი გააქვს.

ჩვენ კი მატჩი ისე ვერ დავიწყეთ, როგორც გვსურდა. და მაინც, შეგვეძლო დავწინაურებულიყავით. აშკარა შანსი მეორე ტაიმშიც მოგვეცა, მაგრამ მოწინააღმდეგის მეკარემ ითამაშა შესანიშნავად.

მომეწონა, რომ უმცირესობაში დარჩენის შემდეგ ჩემი ფეხბურთელები არ დაიბნენ.

რაც შეეხება ხელის ჩამორთმევას, მე მოწინააღმდეგე მწვრთნელებს ყოველთვის არ ვულოცავ. ხშირად ამის კეთება არ მსიამოვნებს. ამაში, როგორც გამარჯვებულისთვის ასევე წაგებულისთვის არის რაღაც არაჯანსაღი. ასეთია ჩემი მიდგომა, მაგრამ ახლა, თუკი კლოპს ვნახავ, რასაკვირველია ყოველგვარი პრობლემის გარეშე მოვულოცავ“.

შეხვედრა, რომელიც მადრიდის „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ ჩატარდა და ინგლისური გუნდის სასარგებლოდ 3:2 დამთავრდა, დრამატული გამოდგა.

თამაშის წინ, „ატლეტიკო“ B ჯგუფის ცხრილში ახლანდელივით მეორე ადგილზე იყო, მაგრამ მაშინ „ლივერპულს“ მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებოდა, „პორტუს“ 3 ქულით უსწრებდა, ხოლო ბოლო ადგილზე მყოფ „მილანს“ ოთხით აღემატებოდა.

დღეს, „ლივერპული“ „ატლეტიკოს“ და პორტუს“ უკვე 5 ქულით უსწრებს. „მილანი“ ისევ ბოლოზეა, 0 ქულა აქვს — „პორტუმ“ 1:0 მოუგო.

„ვანდა მეტროპოლიტანოზე“ „ლივერპულმა“ მე-8 წუთზე გახსნა ანგარიში. გოლი დღეს, ევროპაში ალბათ ყველაზე კარგ ფორმაში მყოფმა მოთამაშემ მოჰამედ სალაჰმა შექმნა, თუმცა თავად გაიტანა თუ ბოლოწამს ბურთს ჯეიმს მილნერმა მიჰკრა ფეხი, დავის საგანია. ასეა თუ ისე, გოლი ეგვიპტელს ჩაუთვალეს.

მე-13 წუთზე სტუმრებმა ანგარიში ორამდე გაზარდეს. მოგერიებული ბურთი საჯარიმოს მისადგომებიდან „ატლეტიკოს“ კარში ნაბი კეიტამ დააქუხა გაუჩერებლად.

მადრიდელებმა უტეხი სული გამოავლინეს და მე-20 წუთზე ანტუან გრიზმანმა სხვაობა შეამცირა. მან კოკეს დარტყმულს შეუცვალა მიმართულება, კარში შეაგდო.

34-ე წუთზე ფრანგმა ანგარიში გაქვითა და ვინ იცის, მატჩის გმირობასაც უმიზნებდა, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისში ორთაბრძოლის დროს ფეხი მაღლა აწია, რობერტო ფირმინოს სახეში მოარტყა და პირდაპირი წითელი ბარათით დაისაჯა.

გამარჯვების გოლი „ლივერპულმა“ 78-ე წუთზე გაიტანა ეს იყო პენალტი, რომელიც სალაჰმა გაიტანა.