„ვალენსიასთან” თამაშზე ნახევარიც არ მივიდა

ლა ლიგის ბოლო ტურში „ბარსელონამ“ გამარჯვება გაიხსენა. „კამპ ნოუზე“, სადაც 99 354 ადგილიდან მხოლოდ 47 317 იყო შევსებული „ბლაუგრანამ“ „ვალენსიას“ 3:1 მოუგო და ალბათ ბოლო პერიოდში საუკეთესო თამაშიც აჩვენა. გოლები გაიტანეს ანსუ ფატიმ, მემფის დეპაიმ და ფილიპე კოუტინიუმ. გუნდმა სამი ქულა მოიპოვა, 15 ქულით მე-7 ადგილზეა და შემდეგ ტურში „რეალს“ მასპინძლობს, მაგრამ მაყურებელი ტრიბუნების შევსებას არ ჩქარობს. არადა, რაც პანდემია დაიწყო, „ვალენსიასთან“ შეხვედრაში პირველად გამოჩნდა ასპროცენტიანი დასწრების შესაძლებლობა.

საინტერესოა, რატომ არ მიაწყდა ფეხბურთს დამშეული ხალხი „კამპ ნოუს“ ტრიბუნებს? ყველაზე იოლი პასუხი ასეთია: გუნდი ძველებურად ვეღარ თამაშობს და ლეო მესიც აღარ არის. ეს ლოგიკურია და სწორია, მაგრამ ესპანურ პრესაში სხვა მიზეზებსაც ასახელებენ.

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რომელსაც შეუძლებელია ანგარიში არ გაუწიო, პანდემიაა. ხალხს ეშინია covid 19-ის და ჯგუფური თავშეყრის ადგილებში მისვლას ერიდება, თუმცა ვნახოთ რა მოხდება „ელ კლასიკოს“ დღეს.

კიდევ ერთი მიზეზი ბილეთის ფასია. პანდემიამ ეკონომიკურად ყველას დაარტყა, „ვალენსიასთან“ შეხვედრაში კი ბილეთის ფასი 49 ევროდან იწყებოდა. კლუბსაც ხომ უნდა შემოსავალი, მითუფრო რომ „ბარსას“ ვეებერთელა ვალებზე ბევრს წერდნენ.

კატალონიური კლუბისთვის შემოსავლის არცთუ უმნიშვნელო წყაროა სტადიონზე ტურისტების შეპატიჟება. რამდენჯერ მოგვხვდერია თვალში გულუბრყვილო კადრი, თუ როგორ ზის აზიელი წყვილი, ქალ-ვაჟი, „ბარსელონასა“ და „რეალის“ თამაშზე, ერთს ერთი გუნდის მაისურა აცვია, მეორეს — მეორესი და ხარობენ. „კლასიკოს“ დაძაბული ბუნებიდან გამომდინარე ეს ნონსენსია, მაგრამ ბიზნესია. თუმცა, კორონაპანდემიამ მასაც დაარტყა, რადგან ტურისტების რაოდენობა შემცირდა.

და როგორც მოგახსენეთ, კვირას, 24 ოქტომბერს, საქართველოს დროით 18 საათსა და 15 წუთზე, „ელ კლასიკოა“. ვნახოთ, რამდენი მაყურებელი მივა სტადიონზე.

ბილეთების ფასი 99 ევროდან იწყება.