No description available.ბექა საღინაძისა და დავით ნინიაშვილის „ლიონმა“ ის შეძლო, რასაც მაისის მერე ვერავინ ახერხებდა: „მელიებმა“ საფრანგეთისა და ევროპის უძლიერესი საკლუბო გუნდი დაამარცხეს! ლიონში 19:25 წაგებით დასრულდა „ტულუზის“ ძლევამოსილი, 10-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია, რომელიც რაგბის საზომებით ძალიან სოლიდურია.

ჩვენთვის მთავარი კი ისაა, რომ ბორჯღალოსანი მესამეხაზელი ბექა საღინაძე ამ წარმატების არათუ რიგითი მონაწილე, არამედ სულაც მისი სულისჩამდგმელი გახლდათ!

სწორედ ბექას ინდივიდუალურმა გარღვევამ დააწინაურა ლიონელები – მე-15 წუთზე 22 წლის ქართველმა თავის დამახასიათებელ, ძალისმიერ მანერაში ჩემპიონის ხაზი გაჭრა და დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად ბურთი ლელოში დაამიწა. ეს იყო ბექას პირველი ლელო „ლიონის“ კვართით. მთლიანობაში მან საუცხოოდ ითამაშა.

საღინაძემ მოედანი 71-ე წუთზე კოჭლობით დატოვა, ბარძაყს იტკიებდა და იმედია, აქ არაფერია სერიოზული.

71-ე წუთზე თამაშში 19 წლის დავით ნინიაშვილი ჩაერთო.

„ლიონი“ მესამე ადგილზეა „ტულუზისა“ და „ბორდოს“ შემდეგ. ამ უკანასკნელმა ბექა გორგოძის „პოს“ 37:33 სძლია, ბორჯღალოსანმა 8 ნომერმა კი შეუცვლელად ითამაშა.

No description available.„ბრივი“ შინ „ლა როშელთან“ 6:8 დამარცხდა და ბონუსს დასჯერდა. მასპინძელთა შორის ვანო კარკაძემ პირველი ტაიმი ითამაშა, ვასილ ლობჟანიძე და ლუკა ჯაფარიძე კი შესაბამისად 58-ე და 48-ე წუთებზე შევიდნენ შეცვლაზე. ვიცე-ჩემპიონის რიგებში პირველი ტაიმი სრულად ჩაატარა გურამ პაპიძემ.

„ბიარიცმა“ სასტარტოში სამი ქართველით კასტრში უიმედოდ წააგო – 20:38. გიორგი ნუცუბიძემ 56 წუთი ითამაშა, ლუკა აზარიაშვილმა – 61, ხოლო თორნიკე ჯალაღონიამ – 73.

„პერპინიანმა“ უდაძაბულეს ბრძოლაში „სტად ფრანსესთან“ წააგო და ბონუსი მიიღო – 22:23. მასპინძელთა შორის ამ სეზონში პირველად გამოჩნდა სახელოვანი ვეტერანი დუდუ ქუბრიაშვილი, რომელმაც ჯერ საწყისი 32 წუთი ითამაშა, შემდეგ კი დასკვნითი 33. პარიზელთა სასტარტოში გიორგი მელიქიძე იყო, ვინც 57-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ვასილ კაკოვინმა მოედანზე 47-დან 79-ე წუთამდე დაჰყო.

შინ „ტულონიც“ დამარცხდა, თუმცა „რასინგმა“ ბონუსი არ დაუთმო – 20:27. მასპინძლებში ბექა გიგაშვილმა საწყისი 58 წუთი ითამაშა, პარიზელთა შორის – გია ხარაიშვილმა დასკვნითი 22.