წუხელ „ბარსელონას“ დიდი შვიდეული დაეწყო. კვირას „ვალენსიას“ უმასპინძლა, ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგაში კიევის „დინამოს“ ხვდება, შემდეგ კვირას კი „კლასიკოა“. და აი, ამ შვიდეულის სტარტი „ბლაუგრანას“ ისეთი უვარგისი გამოუვიდა, მეტი რომ არ შეიძლება — ვალენსიელმა ხოსე გაიამ მე-5 წუთზე ძლიერი დარტყმით გაუტანა.

კიდევ კარგი, სხვანაირად ფიქრობდა 19 წლის ანსუ ფატი. ეს იყო მისი პირველი გამოსვლა სასტარტო შემადგენლობაში ტრავმის ანუ დაახლოებით ერთწლიანი მკურნალობის შემდეგ. 26 სექტემბერს „ლევანტესთან“ შეხვედრაში შეცვლაზე შესულმა ანსუმ მოედანზე ფეხის პირველი შედგმა გოლით აღნიშნა და ახლაც სასტარტოში მოხვედრა ლამაზი გოლით იზეიმა — 1:1.

პირველი ტაიმის მიწურულს კვლავ ფატიმ გამოიჩინა თავი. საჯარიმოში მისი და გაიას ორთაბრძოლა მსაჯმა პენალტად განსაჯა. მემფის დეპაის თერთმეტი მეტრიდან მძლავრი გასროლით ანგარიშის გაზრდის საშუალება მიეცა.

შესვენების შემდეგ ანსუს კიდევ შეეძლო გოლის გატანა. ვალენსიელ კარლოს სოლერსაც ჰქონდა თავის გამოჩენის შანსი — შორიდან ძელს გაარტყა ბურთი.

ფატი 59-ე წუთზე შეცვალეს. მიზეზი: ჯანმრთელობის აღდგენის პროგრამა. თამაშის ამ მონაკვეთში „ვალენსია“ ყინჩად იყო, ანგარიშის გაქვითვას ლამობდა, მაგრამ მასპინძლების გასახარად, ახალგაზრდა ვარსკვლავის მაგივრად მოედანზე შესულმა ფილიპე კოუტინიუმ ამერიკელი თანაგუნდელის, სერჯინიო დესტის დახმარებით მესამე გოლი შეაგდო.

„ბარსას“ და „ვალენსიას“ შეხვედრა იმითაც იყო საინტერესო, რომ „ბლაუგრანას“ შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა ვეტერან არგენტინელ სერხიო „კუნ“ აგუეროს. ის ბოლო ხუთი წუთით სწორედ დესტის ნაცვლად შევიდა მოედანზე.

„ერთი სული მქონდა ეს დღე როდის დადგებოდა, — თქვა აგუერომ, — თუმცა, მოგება რასაკვირველია, ჩემს დებიუტზე უფრო მნიშვნელოვანია. წარმოუდგენელი სიხარული ვიგრძენი როდესაც ტრიბუნებმა ჩემი სახელი იმღერეს. ახლა, მათი მოლოდინი უნდა გავამართლო. იმედი მაქვს ისინი ჩემი თამაშით ისიამოვნებენ“.