„ვალენსიამ“ ბარსელონაში 1:3 წააგო. გიორგი მამარდაშვილი კარში არ იდგა. მე-7 ტურიდან მოყოლებული ხოსე ბორდალასი ძირითად შემადგენლობაში 32 წლის გამოცდილ ჰოლანდიელს იასპერ სილესენს ათამაშებს.

სილესენის მიერ „კამპ ნოუზე“ გაშვებული სამი გოლიდან მეორე პენალტი იყო, რომელიც ანსუ ფატის წაქცევისთვის დაინიშნა და ჰოლანდიელს თანამემამულე მემფის დეპაიმ გაუტანა. მატჩის შემდეგ სილესენს ამ ეპიზოდზე კომენტარი სთხოვეს.

„ხოსე გაიამ ბურთზე ითამაშა, მანამდე კი კარის ხაზზე ჯარიმა იყო. მსაჯმა ამას ყურადღება არ მიაქცია, რამაც მთელი თამაში შეცვალა.

ახლა, მატჩის შემდეგ, ამაზე ლაპარაკს კი აზრი აღარ აქვს, რადგან ვერაფერს შეცვლის. ჩვენ ბრძოლა არ შეგვიწყვეტია. გვინდოდა ანგარიში გაგვეთანაბრებინა ან სულაც მოგვეგო, რითაც, ზურგი მოვიშიშვლეთ და „ბარსას“ სივრცეები მივეცით.

სხვა რა დაგვრჩენია, შაბათს, შინ „მალიორკასთან“ მოგება უნდა ვცადოთ“ — თქვა სილესენმა.