
შვიდი ტურის შემდეგ პრემიერლიგის ცხრილს „ჩელსი“ ლიდერობს, მაგრამ წარსულში ცნობილი გერმანელი ფეხბურთელისა და ამჟამად სატელევიზიო ექსპერტის დიტმარ ჰამანის აზრით თომას ტუხელს საჩემპიონო გუნდი არ ჰყავს.
ჰამანს ინგლისურ კლუბებში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს. ის იყო „ნიუკასლის“ (1998-99), „ლივერპულის“ (1999-2006), „ბოლტონის“ (2006), „მანჩესტერ სიტის“ (2006-09) და „მილტონის“ (2010-11) ფეხბურთელი. მან თავისი შეხედულება სატელევიზიო გადაცემა „გოლში“ გამოთქვა.
„ჩემი აზრით „ჩელსი“ „ლივერპულისა“ და „მანჩესტერ სიტის“ დონის გუნდი არ არის. ჩემპიონთა ლიგა სხვაა. მწვრთნელს შეუძლია ჩემპიონთა ლიგა საუკეთესო გუნდის გარეშე მოიგოს, მაგრამ ჩემპიონატში ვერ გაიმარჯვებს. აქედან გამომდინარე, მესამე ადგილი „ჩელსისთვის“ ძალიან კარგი შედეგი იქნება“.
„შპორტ ბილდი“ წერს, რომ ჰამანის შეფასება „ჩელსის“ მწვრთნელ თომას ტუხელს გაანაწყენებს, მითუფრო, რომ ექსპერტი მაისში, ჩემპიონთა ლიგის ფინალში დასავლეთ ლონდონელთა გამარჯვებას, იღბლის წყალობად მიიჩნევს.
„ფინალში თომას ტუხელს გაუმართლა — პეპ გვარდიოლამ იმ შეხვედრაში სიგიჟე მოაწყო და ჩამშლელი ნახევარმცველის გარეშე ითამაშა. პრემიერლიგაში კი იყო მომენტი, როდესაც „ჩელსი“ „სიტის“ 25 ქულით ჩამორჩებოდა და ამასწინათაც, ამ გუნდების ლონდონური დაპირისპირება მანჩესტერის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. „ქალაქელებმა“ „ლურჯებს“ გაკვეთილი ჩაუტარეს“.
დიტმარ ჰამანის აზრით, „მანჩესტერ სიტის“ ერთადერთი კონკურენტი ჰყავს — მისი ყოფილი გუნდი „ლივერპული“.
„სიტიმ“ და „ლივერპულმა“ ბოლო ტურში, „ენფილდ როუდზე“ 2:2 ითამაშეს.





