რას აპირებენ ნიუკასლის უმდიდრესი მფლობელები ჯერჯერობით უცნობია, თუმც დიდი ამბები კია მოსალოდნელი. პრესაში უამრავი რამ იწერება – ტრანსფერებზე, მწვრთნელებზე და კლუბის უახლოეს გეგმებზე.
გავრცელდა ხმა, რომ კლუბის მფლობელები მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზინედინ ზიდანს განიხილავენ და ისინი ფრანგ სპეციალისტთან კონტაქტზე უკვე გავიდნენ.
თუმცა, ნიუკასლელთა სამიზნე მარტო ფრანგი სპეციალისტი არ არის – ანტონიო კონტე, ბრენდან როჯერსი და სტივენ ჯერარდიც მოიაზრებიან.
ზიზუს საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელობა სურს. უფრო ამბიციური გეგმები აქვს კონტესაც.
ბრიტანული მედია იმასაც წერს, რომ ნიუკასლს ამ ეტაპზე ელიტური მწვრთნელის დაინტერესება გაუჭირდება. აქედან გამომდინარე ადგილობრივ და ნაკლებად გამოცდილ სპეციალისტს განიხილავენ. მაგალითად, ფრენკ ლამპარდს…
„ჩვენ შესანიშნავი შემადგენლობა გვყავს, თუმც შემდგომში მისი გაძლიერებაც მოგვიწევს და დიდი მუშაობა გვჭირდება, რომ ფინანსური ფეარ პლეის ფარგლებში დავრჩეთ. დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ გვსურს კლუბში ინვესტიცია ჩავდოთ და ეს ყველა დონეზე მოხდება. გვინდა, რომ საუკეთესო გუნდი გვყავდეს. მწვრთნელს უკვე ვესაუბრე, ერთმანეთი გავიცანით. კლუბის ხელმძღვანელები უახლოეს დღეებში მასთან საუბარს აპირებენ. მას მხარს ვუჭერთ. ამჟამად მწვრთნელის მომავალზე ან სამომავლო ტრანსფერებზე საუბარს არ ვაპირებთ. ვგეგმავთ, რომ სპორტული თვალსაზრისით ყველაფერი შევაფასოთ, კომერციული მხარეც და შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილებები“, – განაცხადა „ნიუკასლის“ ახალმა დირექტორმა ამანდა სტეივლიმ.





