„მარკას“ ინფორმაციით ფერან ტორესმა მარჯვენა ფეხი გაიბზარა და დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს. ეს ცუდი ამბავია როგორც „მანჩესტერ სიტისთვის“ ასევე ესპანეთის ნაკრებისთვის. ბოლო პერიოდში ტორესი შესანიშნავ ფორმაში იყო და ორივე გუნდს დიდად ეხმარებოდა.

ფერანმა ფეხი ერთა ლიგის ნახევარფინალში, მილანის „სან სიროზე“, იტალიისა და ესპანეთის ნაკრები გუნდების შეხვედრის დროს იტკინა. ის მატჩი „ლა როხამ“ სწორედ ტორესის მიერ პირველ ტაიმში გატანილი ორი გოლის წყალობით მოიგო 2:1. ტრავმის მიუხედავად, მან ფინალში, საფრანგეთის წინააღმდეგ, მაინც შეძლო მოედანზე გასვლა, თუმცა ამ შეხვედრაში ესპანელებმა წააგეს — 1:2.

„მარკას“ მიაჩნია, რომ „სიტიში“ პეპ გვარდიოლას იმდენი ძლიერი ფეხბურთელი ჰყავს, რომ ტორესის გარეშე შედარებით იოლად გავა, აი „ლა როხას“ კი დიდი ძალა დააკლდება.

შეგახსენებთ, რომ 11 და 14 ნოემბერს, მსოფლიოს 2022 წლის შესარჩევი შეჯიბრების B ჯგუფში ესპანელებს გადამწყვეტი შეხვედრები ელით ბერძნებთან და შვედებთან. სადღეისოდ პირველ ადგილზე შვედები არიან, რომლებიც ესპანეთში ჩასვლამდე საქართველოში თამაშობენ. შვედეთსა და ესპანეთს შორის პირველი ადგილისთვის დიდი ბრძოლაა, რადგან ჯგუფის ჩემპიონი პირდაპირ იგებს ყატარის საგზურს.