არგენტინის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაში პერუს მოუგო 1:0. „ალბისელესტეს“ კაპიტანმა ლეო მესიმ მატჩის დამთავრების შემდეგ ინსტაგრამზე თავისი შეხედულება გამოხატა.

მსოფლიოს ექვსგზის საუკეთესო ფეხბურთელი უკმაყოფილო იყო ბრაზილიელი მსაჯით ვილტონ პერეირა სამპაიოთი. მან დაწერა:

„რთული შეხვედრა გამოვიდა. ძლიერი ქარი ქროდა, მეტოქე დაცვაში ჩაჯდა, სივრცეები შეგვიბოჭა. ეს მსაჯი კი, როდესაც არგენტინის თამაშს ემსახურება, ყოველთვის ისე იქცევა, გეგონება განზრახ სჯის ჩვენს წინააღმდეგ. თუმცა, რაც იყო, იყო. მთავარია, რომ ძნელ, მნიშვნელოვან შეხვედრაში სამი ქულა მოვიპოვეთ“.

არგენტინელები უკმაყოფილონი იყვნენ, რომ პირველ ტაიმში მათ სასარგებლოდ არ დაინიშნა პენალტი. მათ არც ის ეპიტნავათ, რომ მსაჯმა პერუს სასარგებლოდ დანიშნა თერთმეტმეტრიანი, რომელიც მექსიკური „კრუს ასულის“ 31 წლის ნახევარმცველმა იოშიმარ იოტუნმა ხარიხას გაარტყა.

ამასობაში ბრაზილიამ იოლად, 4:1 დაამარცხა ურუგვაი და 11 ტურის შემდეგ პირველ ადგილზეა. ბრაზილიელებს 31 ქულა აქვთ. არგენტინა 25 ქულით მეორე ადგილზეა. მესამეზე მოდის 17 ქულიანი ეკვადორი. ეკვადორელებმა, ისევე როგორც ყველა დანარჩენმა, ბრაზილიელებზე და არგენტინელებზე ერთი თამაშით მეტი ჩაატარეს.