ბოლო წლებში ფეხბურთი გვარიანად შეიცვალა და სავარაუდოდ კიდევ შეიცვლება — ფიფა ოფსაიდის წესში კვლავ აპირებს ჩარევას. მიზანი: შემცირდეს ადამიანთათვის დამახასიათებელი შეცდომები.

ფიფას ფეხბურთის გლობალური განვითარების დეპარტამენტის ხელმღვანელი არსენ ვენგერი თამაშგარის შეფასების სრულ ავტომატიზაციას მოითხოვს. დავაზუსტოთ: მას სურს, რომ ოფსაიდის დანიშვნა თანამსაჯის საქმე საერთოდ აღარ იყოს.

ვენგერმა პარიზში გამართულ პრეს-კონფერენციაზე თქვა: „საამისოდ მართლა ბევრი ვარიანტი არსებობს. ჯერჯერობით რაღაც-რაღაცებს არ გავთქვამ, მაგრამ მსაჯობაში დიდ პროგრესს უნდა ველოდოთ.

ყველაფერი შევისწავლეთ. დავრწმუნდით, რომ ტექნოლოგიებს ხუთი-ექვსი სანტიმეტრის დონეზე შეუძლიათ განსაზღვრონ იყო თუ არა ოფსაიდი“.

თამაშგარე მდგომარეობის არსებული წესი კი ბევრ კამათს იწვევს. ბოლო, ყველაზე დიდი სჯა-ბაასი ერთა ლიგის ფინალში კილიან მბაპეს მიერ ესპანეთის ნაკრების კარში გატანილ გოლს მოჰყვა.

ოფსაიდის სწორად დაფიქსირებას VAR-მაც ვერ უშველა. პრემიერლიგა საკამათო მდგომარეობების ზუსტად შეფასებისთვის, კომპიუტერში სხვადასხვა სისქის ხაზების გასმას შეუდგა.

ფიფა ცდილობს 2022 წლისთვის მიიღოს თამაშგარე მდგომარეობის შეფასების ახალი ხერხი, რომელიც მთლიანად ავტომატიზებული იქნება. 2022 წლის პირველ ნახევარში ამ ხერხს სხვადასხვა შეჯიბრებებში შეამოწმებენ და თუ ყველაფერი კარგად იქნა, ყატარში, მსოფლიოს ჩემპიონატზე დანერგავენ.

თუმცა, ზოგადად, ახალ წესებს მარტის თვეში ამკვიდრებენ ხოლმე, ასე რომ არ არის გამორიცხული ოფსაიდის ახალი წესიც მსოფლიოს ჩემპიონატიდან კი არა, 2023 წლის გაზაფხულიდან შევიდეს ძალაში.