„ნიუკასლ იუნაიტედმა“ მდიდარი პატრონი იშოვნა და მწვრთნელის შეცვლა მოუნდა. პირველი, ვისი გადაბირებაც „კაჭკაჭებს“ თავში აზრად მოუვიდათ ბრენდენ როჯერსი იყო, მაგრამ… უარი მიიღეს. როჯერსმა შემოუთვალა, 18 თვეში „მანჩესტერ სიტიდან“ პეპ გვარდიოლა მიდის და მის პოსტს მე დამპირდნენო.

სხვადასხვა წყაროებმა „ლესტერ სიტის“ თავკაცის ნათქვამი დაადასტურეს, ოღონდ უფრო ფრთხილად. მათ თქვეს, რომ როჯერსი გვარდიოლას წასვლის შემდეგ „ქალაქელთა მწვრთნელობის“ ერთ-ერთი კანდიდატია.

ერთ-ერთია თუ ერთადერთი, ფაქტია, რომ ბრენდენ როჯერსს „მანჩესტერ სიტის“ დირექტორატში მხარდამჭერები ჰყავს. 2013 წელს, როდესაც „ეტიჰედიდან“ რობერტო მანჩინი წავიდა, როჯერსს მისი ადგილის დაკავებამდე ცოტა დააკლდა.

იმას, რომ როჯერსი „ნიუკასლისთვის“ ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მწვრთნელია, ბევრი ექსპერტი ვარაუდობს. რამდენადაც ცნობილი გახდა, „კაჭკაჭების“ ახალმა დირექტორატმა მას გასულ კვირაში უკვე მიმართა წინადადებით, თუმცა მარტო ფული ხომ არ არის. ისიც ითქვა, რომ ჩემპიონატის მსვლელობისას კონკურენტი კლუბის მწვრთნელის გადაბირება არაეთიკური საქციელია.

ჩრდილო ირლანდიელმა „ლესტერ სიტის“ გასულ სეზონში ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასი მოაგებინა, თუმცა არის უარყოფითი მხარეც — როჯერსს კლუბმა ის ფეხბურთელები ვერ შეუძინა, ვისი დამატებაც უნდოდა. პლუს, მის ცოლს ჩრდილო-დასავლეთ ინგლისში სურს საცხოვრებლად დაბრუნება.

„მანჩესტერ სიტის“ კი 2023 წლის ზაფხულში გვარდიოლა წაუვა და მის შემცვლელს ეძებს. „ეტიჰედზე“ კარგად ესმით, რომ ფეხბურთელებს ან სახელოვანი მენეჯერი დასჭირდებათ ანაც ძალიან კარგი მწვრთნელი, რომელიც პეპის წასვლას შეუმსუბუქებთ. როჯერსს, როგორც ჩანს მეორე კატეგორიაში მოიაზრებენ.

2009 წელს, როდესაც „მანჩესტერ სიტიმ“ რობერტო მანჩინი მიიყვანა, კლუბის ხელმძღვანელობა მას ერთ-ერთ ასისტენტად ბრენდენ როჯერსს სთავაზობდა, მაგრამ იტალიელმა დევიდ პლატი მოითხოვა.