„მანჩესტერ იუნაიტედის“ დიდი კაპიტანი, ვეტერანი და სატელევიზიო ექსპერტი როი კინი ამბობს, რომ „მანჩესტერ სიტიში“ რაჰიმ სტერლინგსა და პეპ გვარდიოლას შორის შავმა კატამ გაირბინა.

რაჰიმ სტერლინგმა ევრო 2020-ზე ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში კარგად ითამაშა, ერთ-ერთი გამორჩეული იყო, თუმცა დაბრუნდა კლუბში, გახურდა პრემიერლიგა და… სასტარტო შემადგენლობაში 7 ტურიდან მხოლოდ ორში დააყენეს.

ახლა დააკვირდით, რამდენად განსხვავდება ნაკრების თავკაცის გარეთ საუთგეიტის დამოკიდებულება „სიტის“ თავკაცის გვარდიოლას დამოკიდებულებისგან. ზემოთ ნახსენები მხოლოდ ორი სტარტის ანუ ყბადაღებული პრაქტიკის არქონის მიუხედავად საუთგეიტმა 26 წლის ფეხბურთელი გამოიძახა და უნგრეთთან, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაში პირველივე წუთიდან ათამაშა.

კინი ამბობს, რომ აშკარაა, „სიტიში“ სტერლინგთან დაკავშირებით ვერ ხვდებიან რაღაცას, რასაც საუთგეიტი ხვდება ნაკრებში.

„ნაკრების თავკაცი რაჰიმის დიდი თაყვანისმცემელია და არ აქცევს ყურადღებას რა პრობლემების წინაშე დგას ის კლუბში“, — თქვა ირლანდიელმა მიმომხილველმა ITV-ს ეთერში და დასძინა, — ის სტერლინგს ძალიან ენდობა, გამორიცხული იყო არ ეთამაშებინა.

ვფიქრობ, რაჰიმსა და პეპს შორის რაღაც ხდება. „მანჩესტერ სიტიმ“, გასულ ზაფხულს, 100 მილიონ გირვანქად რატომღაც გრილიში იყიდა. არადა, სტერლინგის კონტრაქტის ვადა ჯერ კიდევ 20 თვე იქნება ძალაში, ეს კი დიდი დროა. რაჰიმმა მთელი ყურადღება უნდა მოიკრიბოს და კარგად ითამაშოს“.

„არსენალის“ ლეგენდა იან რაიტიც ფიქრობს, რომ სტერლინგმა უნდა იცოდეს რას უპირებენ მომავალში, რათა კარიერა სწორად დაგეგმოს. „ეტიჰედზე“ მის ხელშეკრულებას ვადა 2023 წლის ივნისში გაუდის.

რაიტმაც იგივე გაიმეორა: „საიდუმლო არ არის, რომ რაჰიმ სტერლინგს მწვრთნელთან რაღაც პრობლემა აქვს. გასული სეზონის ბოლოს მას უკვე იშვიათად ათამაშებდნენ, შემდეგ კი ევროზე გამოვიდა და შესანიშნავად ითამაშა. კლუბი ვალდებულია უთხრას, რას უპირებს. მანამდე კი წყნარად უნდა იყოს“.