No description available.სახელოვანი არგენტინელი მწვრთნელი გონსალო კესადა არ შეცდა, როცა თავისი გუნდის, „სტად ფრანსეს“ სასტარტო შემადგენლობაში ქართველ ბურჯთა წყვილი განაწესა. მსოფლიოს ერთ-ერთმა უძველესმა და უმდიდრესმა კლუბმა სეზონი საზიზღრად დაიწყო: სასტარტო 5 მატჩიდან ერთადერთი მოიგო და ტოპ 14-ის ბოლო ადგილზე დაფუძნდა. თუმცა, გასულ კვირა-დღეს, „კლერმონთან“ შეხვედრაში სულ სხვა სურათი დავინახეთ (22:14) და ამ გაბრწყინებაში გიორგი მელიქიძისა და ვასილ კაკოვინის დამსახურება სულაც არ იყო მცირე.

განსაკუთრებით ეს უკანასკნელი გამოირჩა. 31 წლის ვეტერანმა ბორჯღალოსანმა თავის უშუალო ვიზავის, საფრანგეთის ნაკრების ვეტერან რაბა სლიმანის შავი დღე აყარა, მრავალჯერ დაარღვევინა წესები და ღია თამაშშიც ფრიად სასარგებლო იყო.

ვასილს ეს გარჯა „მიდი ოლიმპიკმა“ დაუფასა – ქართველი მარცხენა ბურჯი ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა, რაც მიმდინარე სეზონში ჩვენებურთაგან მანამდე მხოლოდ ბექა გიგაშვილმა, თორნიკე ჯალაღონიამ და ლექსო ყაულაშვილმა შეძლეს.