საქართველოს ნაკრები ოქტომბრის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობსდღეს ფეხბურთია… „ბურთი და მოედანი“ გამახსენდა! გენიალური ფილმია! მართალია, ცოტა უტრირებულად, მაგრამ ყველაფერი რეალურია ნაჩვენები ამ ფილმში. მართლაც ასე იყო!

თამაშამდე 1-2 დღით ადრე იწყებოდა ფორიაქი, მზადება. იმ, დანიშნულ დღეს, დილიდან მატჩის დაწყებამდე დრო უმოწყალოდ ნელა გადიოდა. დაწყებას კი შემართულნი, დიდი იმედით ველოდით! გამარჯვების და სიამაყის განცდის იმედით! მნიშვნელობა არ ჰქონდა სტადიონზე მივდიოდით, ტელევიზორს მივუსხდებოდით თუ რადიოს მივაბჯენდით ყურს!

არა, წაგებებიც იყო, რა თქმა უნდა! დიდი ანგარიშითაც კი წაგვიგია. აბა, წაუგებლად ფეხბურთი ვის უთამაშია?! წაგებებიც კი იყო, მაგრამ სამარცხვინო, უიმედო, უპერსპექტივო დამარცხებები – არა! წაგებას სასოწაკვეთა კი არა, სიმწარე, ტკივილი, სიბრაზე მოჰქონდა და რევანშის წყურვილი, კიდევ!

ვიცოდით, დღეს წავაგეთ, მაგრამ ხვალ მოვიგებთ! ჰოდა, ვიგებდით კიდეც!..

დღეს ფეხბურთია… მორიგი ალიყურის მიღების მეშინია! განა ტკივილის მეშინია! არა! ტკივილის არ მეშინია! ტკივილს ავიტან! ღირსების, თავმოყვარეობის შელახვის მეშინია!!! უგულობისა და უპასუხისმგებლობის მეშინია! უნიათობისა და მორიგი დამცირების მეშინია! პატარებისთვის ცუდი მაგალითის მეშინია!!! ამ პატარებს როგორ ავუხსნა, რომ ეს არ არის ჩვენი სახე და ჩვენი სისხლი ჩქეფს ისევ…

დღეს ფეხბურთია. ნეტავ არ იყოს!

ძალიან, ძალიან არ მინდა დღეს ფეხბურთი რომ არის…