გერმანიამ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. საამისოდ მან საქართველოს ნაკრებისთვის მწარედ მოსაგონარ ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდს სტუმრად 4:0 მოუგო.
ანგარიში 50-ე წუთზე კაი ჰავერცმა გახსნა, რასაც 20 წუთში, მისმა თანაგუნდელმა ნაკრებსა და ჩელსიში ტიმო ვერნერმა მეორე გოლი მიაყოლა. ამ გოლიდან გავიდა კიდევ 3 წუთი და ვერნერმა ერთხელაც გამოიჩინა თავი, მეოთხე გოლი კი 83-ე წუთზე ჯამალ მუსიალამ გაიტანა.
ამრიგად, 8 ტურის შემდეგ ბუნდესმანშაფტმა 7 მოგების და ერთი წაგების შედეგად 21 ქულა მოიპოვა და თავი ქუდში აქვს. ის ერთადერთი, მოულოდნელი წაგება გერმანელებმა მარტში სწორედ ჩრდილოეთ მაკედონიისგან იწვნიეს, თან შინ, დუისბურგში — 1:2.
J ჯგუფში, შეჯიბრების დასრულებამდე დარჩენილია ორი ტური, მაგრამ გერმანელთა დამწევი აღარავინ არის.
ამავე ჯგუფში რუმინელებმა იონუ მიტრის ერთადერთი გოლით მოუგეს სომხებს და მეორე ადგილზე გადავიდნენ. მათ 13 ქულა აქვთ, სომხებს და ჩრდილო მაკედონიელებს – 12. ისლანდიას ლიხტენშტაინისთვის 4:0-ის მოგება არ გასჭირვებია, მაგრამ 8 ქულით მე-5 ადგილზეა. ლიხტენშტაინი ბოლოზეა. მას სომხეთთან მოპოვებული ერთადერთი ქულა აქვს.





