
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა სერბეთის სახელით მსოფლიოს ჩემპიონატზე ოსლოში ოქროს მედალი მოიპოვა. სერბეთის ფედერაციამ მადლობაც კი გადაუხადა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციას სპორტული დიპლომატიით სპორტსმენის „დათმობისთვის“.
ვულოცავ ზურაბ დათუნაშვილს ოსლოში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვებას! ჩვენი ნაკრების წევრის დიდმა და დამაჯერებელმა წარმატებამ მთელს ქვეყანაში დიდი სიხარული გამოიწვია! სერბეთი ოქროს მედლით ამაყობს, ბრავო ზურაბ! თქვენ წინ ახალი წარმატებები და მედლები გელით! – ამ სიტყვებით მიულოცა სერბეთი პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა დათუნაშვილს ოქროს მედალი.
რისთვის დავკარგეთ დათუნაშვილი კარგად გეხსომებათ – დიახ, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტთან კონფლიქტის გამო სპორტსმენი იძულებული გახდა სხვა ქვეყნის სახელით გამოსულიყო. წავიდა სერბეთში და ტიტულებიც მოიპოვა.
ვერ შევინარჩუნეთ სპორტსმენი, რომელიც თითქმის ყველა ტურნირზე მინიმუმ გარანტირებული მედალი იყო.
იმავე ტურნირის ვერცხლის მედალი ზურაბ გედეხაურმა მოიპოვა. რუსეთის სახელით მოჭიდავე გედეხაურმა იაკობ ქაჯაია დაგვიმარცხა, ჩვენი ოლიმპიური ვერცხლის მედალოსანი ტოკიოში.
97 კოლოგრამამდე წონით კატეგორიაში გაიტალიელებული ქართველიც მონაწილეობდა – ნიკოლოზ კახელიშვილი, თუმც ის მესამე ადგილისთვის ბრძოლაში დამარცხდა.
საქართველოს ნაკრებმა კი, ოსლოში ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ორმა „მამლუქმა“ უკეთესი შედეგი აჩვენა, ვიდრე საქართველოს ნაკრებმა მთლიანად…
და ეს მხოლოდ ოსლოში… ძიუდო, თავისუფალი ჭიდაობა, სპორტის სხვა სახეობები კიდევ ცალკე სალაპარაკოა…






