No description available.საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-6 ტურში მონაწილეობა 15-მა ქართველმა მიიღო და 8 თავისი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იყო. მთლიანობაში კი შეგვიძლია, ტური ბონუსების ტურად მოვნათლოთ.

„ტულუზის“ დომინაცია ამჯერადაც გაგრძელდა. „პოსთან“ საშინაო მატჩის პირველი ტაიმის 0:7 დათმობის შემდეგ ქვეყნის 21-გზის ჩემპიონმა მეორენახევარში 5 ლელო დადო და ბონუსით, 38:10 მოიგო, რამაც მას უახლოეს მდევართან უპირატესობა 7 ქულამდე გაუზარდა – „ტულუზს“ 26 ქულა აქვს.

მდევარი კი 19-ქულიანი „ბორდოა“, რომელმაც „მონპელიეს“ 27:23 მოუგო და ბონუს-ქულა გაატანა. ბოლო ნახევარი საათი კი ქართველ ბურჯთა დუელი მიმდინარეობდა – 48-ე წუთზე შეცვლაზე ლექსო ყაულაშვილი შევიდა, 52- ზე მიხეილ ნარიაშვილი.

მესამეზე 17 ქულით„ლიონი“ მოკალათდა, რომლის სასტარტოშიც ბექა საღინაძე გამოჩნდა და 66-წუთამდეც ითამაშა. ლიონელებმა სტუმრად „ბიარიცი“ 40:5 გაანადგურეს, ბასკთა სასტარტო შემადგენლობაში კი 51 წუთი ლუკა აზარიაშვილმა ითამაშა, ვისაც გიორგი ნუცუბიძე ჩაენაცვლა. თორნიკე ჯალაღონია თანაგუნდელებს 61-ეზე შეუერთდა. „ბიარიცი“ აუტსაიდერთა შორისაა.

„რასინგ-92“-მა „პერპინიანს“ დიდი გაჭირვებით – 17:14 აჯობა და კატალონიაში ბონუსიც გააყოლა. პარიზელთა შორის პირველიდან 47-ე წუთამდე ითამაშა გურამ გოგიჩაშვილმა, ხოლო გია ხარაიშვილი მატჩში 58-ე წუთზე ჩაერთო.„რასინგი“ 16 ქულით მე-4, საპლეიოფო პოზიციაზეა.

No description available.15 ქულა დაუგროვდა „ბრივს“, რომელმაც ბონუსი ტულონში 9:13 მარცხით მოინადირა. მასპინძელთა ბურჯი ბექა გიგაშვილი თამაშში 51-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო ბრიველთა სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა ლუკა ჯაფარიძემ შესვენებისას დაუთმო ადგილი შემცვლელს, თუმცა მისი ტრავმის შემდეგ, 74-ეზე დაბრუნდა. ოთარ გიორგაძეც პირველი წუთიდან თამაშობდა და მინდორი 52-ეზე დატოვა. იმავე წუთზე შეხვედრაში ვანო კარკაძე ჩაერთო.

„ლა როშელმა“ „კასტრი“ 29:10 დაამარცხა და პოზიციები რამდნადმე გაიუმჯობესა. გამარჯვებულთა შორის ბოლო ოციოდე წუთი გურამ პაპიძემ ითამაშა.

უქმეები კი დედაქალაქში დასრულდა, სადაც ერთმანეთს ორი გრანდყოფილი დაუპირისპირდა. „სტად ფრანსემ“ „კლერმონს“ უმასპინძლა და 22:14 დაამარცხა. „სტად ფრანსე“ 8 ქულით მე-13 ადგილზეა, 9-ქულიანი „კლერმონი“ კი ორი საფეხურით მაღლა დადგა. პარიზელთა სასტარტო ბურჯები ქართველები იყვნენ: ვასილ კაკოვინი 57-ე წუთზე შეცვალეს, გიორგი  მელიქიძე 64-ზე.