მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ B ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები ბოლო ადგილზეა, შვედეთი ლიდერ ესპანეთს ერთი ქულით ჩამორჩება. ეს მან კოსოვოსთან 3:0 გამარჯვებით შეძლო. ანგარიში პენალტით ემილ ფორსბერგმა გახსნა, მეორე გოლი ბრწყინვალე დარტყმით ალექსანდერ ისაკმა გაიტანა თამაშის მიწურულს კი ანგარიში სამამდე  რობინ ქუაისონმა გაზარდა. ეს გახლდათ შვედების ზედიზედ მერვე გამარჯვება შინ.

თამაშის წინ შვედები ესპანელებს 4 ქულით ჩამორჩებოდნენ. მათი შეხვედრა კოსოვოსთან გახლდათ პირველი ორიდან, რომელთა წყალობით იან ანდერსონის ბიჭებს მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონების გადასწრება შეუძლიათ. სამშაბათს, 12 ოქტომბერს,  ისინი ბერძნებს ხვდებიან, კვლავ შინ.

პირველი სახიფათო მომენტი მე-18 წუთზე კოსოვარებს ჰქონდათ, როდესაც ელბასან რაშანის დარტყმული ოდნავ აცდა მიზანს.

ათი წუთის შემდეგ შვედებმა პენალტი დაარტყეს. VAR-ს კარგა ხანი დასჭირდა, სანამ დაასკვნიდა, რომ ფლორენტ ჰადერგიონაის საჯარიმოში ხელით უთამაშია. პენალტი ფორბსბერგმა შეაგდო. ეს მისი პირველი გოლი იყო მიმდინარე შესარჩევ ციკლში.

ცოტა ხანში შვედმა გულშემატკივარმა კინაღამ მეორე გოლიც იზეიმა, მაგრამ ლუდვიგ აუგუსტინსონის დარტყმის შემდეგ ბურთი „კინაღამს“ ანუ ძელს მოხვდა.

კოსოვარები, რომლებიც 12 ოქტომბერს საქართველოს მასპინძლობენ, მეორე ტაიმში შვედებს არ შეეპუენ და გოლიც გაიტანეს, მაგრამ თანამსაჯმა ოფსაიდის გამო არ ჩათვალა.

შემდეგ, მასპინძლებმა დაიწყეს მეორე გოლის შემზადება. ყველაზე აქტიური 22 წლის ალექსანდერ ისაკი იყო, რომელმაც ახალი მოშუშებული ტრავმის მიუხედავად თავისი გაიტანა — ჯერ იყო და ერთი-ორჯერ კოსოვოელ მცველებს შორის წაუცეკვა, მაგრამ სტუმრებმა ბოლომდე არ გაატარეს, 62-ე წუთზე კი საჯარიმოს გარედან არაჩვეულებრივი დარტყმით ანგარიში ორამდე გაზარდა.

79-ე წუთზე, შეცვლაზე შესულმა რობინ ქუაისონმა თამაშს წერტილი დაუსვა.

კოსოვო ჯგუფში მე-4 ადგილზეა. საქართველოს 3 ქულით უსწრებს.