კრიშტიანუ რონალდუმ კვლავ რეკორდი დაამყარა. თან ერთი კი არა, ერთბაშად ორი. უფრო ზუსტად, ერთ შეხვედრაში ორი.
ეს გახლდათ პორტუგალიისა და ყატარის ნაკრებთა ამხანაგური გაჯიბრება, რომელიც პორტუგალიელების გამარჯვებით დასრულდა — 3:0.
ამ თამაშში CR7-მა თავისი ქვეყნის ეროვნული მაისურით 112-ე გოლი გაიტანა და… სანაკრებო თამაშების რაოდენობით გადაასწრო სერხიო რამოსს — ანუ, ახლა, ევროპელ ფეხბურთელთა შორის ყველაზე მეტი შეხვედრა მას აქვს ჩატარებული.
112-ე გოლი რით არის მნიშვნელოვანი, ეს გასაგებია. გასულ თვეში „მანჩესტერ იუნაიტედის“ ვარსკვლავმა ირანელ ალი დაეის ეროვნულ გუნდში გატანილი გოლების რეკორდი მოუხსნა და მას მერე, ცხადია, მისი ყველა ახალი გოლი ახალი რეკორდია.
აღსანიშნავია, რომ კრიშტიანუმ ყატარის წინააღმდეგ მხოლოდ პირველ ტაიმში ითამაშა, თუმცა, გოლის გასატანად ეს დროც ეყო. მან 37-ე წუთზე, ახლოდან შეაგდო.
შესვენების შემდეგ, პორტუგალიელთაგან ჟოზე ფონტემ და ანდრე სილვამ დაამატეს მეორე და მესამე.
რაც შეეხება სანაკრებო შეხვედრების რაოდენობას, ეს თამაში მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელისთვის 181-ე გამოდგა. ესპანეთის ნაკრებში 180 მატჩში აქვს ჩატარებული რონალდუს ყოფილ თანაგუნდელ სერხიო რამოსს.
მართალია, რამოსი ჯერ კიდევ მოქმედი ფეხბურთელია, მაგრამ „ლა როხას“ ახალი თავკაცის ლუის ენრიკეს ხელში საეჭვოა მონაგარს რამე დაამატოს. კრიშტიანუს კი სამშაბათს, 12 ოქტომბერს, ლუქსემბურგთან შეუძლია ასოთხმოცდამეორედ ჩაიცვას პორტუგალიის მწვანე მაისურა. ლუქსემბურგთან თუ ითამაშებს, რასაკვირველია.
ხოლო მსოფლიო ლიდერი გახლავთ მალაიზიელი სოჰ ჩინ ანი, რომელსაც კარიერას 195 სანაკრებო შეხვედრა უმშვენებს.