
„ნიუკასლ იუნაიტედი“ საუდელმა მეპატრონემ იყიდა და… გარიგების ოფიციალური დამტკიცებიდან 24 საათში პრემიერლიგაში ხმაური ატყდა. როგორც ეტყობა, ყველაზე მეტად „ტოტენჰემის“ თავმჯდომარე დენიელ ლევი აქტიურობდა. მას არ უნდოდა „კაჭკაჭებს“ „ჩაქცეული“ სპონსორი რომ ეშოვნათ.
ცნობილი გახდა აგრეთვე, რომ ნიუკასლელთა მყიდველის, საუდის არაბეთის სახალხო საინვესტიციო ფონდის ინგლისურ ბაზარზე გამოჩენა „ტოტენჰემზე“ ნაკლებად არც „ლივერპულს“, „მანჩესტერ იუნაიტედს“ და „არსენალს“ აღიზიანებდა. საუდელი სპონსორის ძალა მისი 700 მილიარდი გირვანქაა. „ნიუკასლ იუნაიტედში“ მან 305 მილიონი გადაიხადა.
და კიდევ ერთი ამბავი: გუშინ პრემიერლიგის 19 კლუბი ითხოვდა ლიგის შეფებთან შეხვედრას რათა გაერკვიათ, რატომ მოაწერეს მათ ზემოხსენებული გარიგების დამტკიცებას ხელი.
ინგლისურ კლუბთა პროტესტმა საუდელებზე რასაკვირველია არ იმოქმედა. მათ, წუხელ, პირობითად რომ ვთქვათ „სენტ ჯეიმსის პარკის“ გასაღები ჩაიბარეს და მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი კლუბის აღმშენებლობას შეუდგნენ. თანამშრომლებს კლუბის ინგლისელმა მეწილემ ამანდა სტეივლიმ ჩაუტარა თათბირი. მისმა მგზნებარე გამოსვლამ ტაში დაიმსახურა.
საუდის არაბეთის სახალხო საინვესტიციო ფონდის თავკაცმა და იმავდროულად „ნიუკასლ იუნაიტედის“ თავმჯდომარემ, ოღონდ ცხადია არა-აღმასრულებელმა, იასირ ალ-რუმაიანმა რიადიდან ინგლისში მიმართვა გაგზავნა. მიმართვაში წერია, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამიერიდან „ნიუკასლ იუნაიტედი“ ამბიციური კლუბი გახდებაო.
„ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ ხანგრძლივ წარმატებას ჩავუყაროთ საფუძველი“, — წერს იასირ ალ-რუმაიანი.
რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს „კაჭკაჭთა“ ახალი პატრონი? ერთ-ერთი პირველი რასაც ის გააკეთებს, სავარაუდოდ, „ლივერპულის“ ყოფილი მთავარი სკაუტის ფრენკ მაკპერლანდის დაქირავება იქნება. გარდა იმისა, რომ მაკპერლანდი ნიჭიერი ფეხბურთელების შერჩევაში არის უბადლო, ის სტივენ ჯერარდთან და ბრენდენ როჯერსთან მეგობრობს, ამ ორზე კი ამბობენ, რომ ახლანდელი მწვრთნელის სტივ ბრუსის შემცვლელად მოიაზრებიან.
გუშინ ახალ ბოსებს ფეხბურთელებთანაც უნდოდათ შეხვედრა, მაგრამ გაირკვა, რომ ბრუსს მათთვის დასვენების დღე გამოუცხადებია.