„ნიუკასლ იუნაიტედის“ ახალმა პატრონებმა თქვეს, რომ მათ მიზნად „კაჭკაჭების“ კლუბად გადაქცევა აქვთ დასახული. „იუნაიტედის“ 305 მილიონ ფუნტად ყიდვის შემდეგ, ისინი „მანჩესტერ სიტისა“ და „პარი სენ ჟერმენს“ ეტოლებიან.

„ნიუკასლის“ თანამფლობელმა ამანდა სტეივლიმ „დეილი მეილს“ ინტერვიუ თავის სასტუმროში მისცა. სტეივლიმ ამბიციურ გეგმებზე ილაპარაკა. ამ გეგმებს კი ზურგს საუდის არაბეთის სახალხო საინვესტიციო ფონდის 700 მილიარდი უმაგრებს.

იშოვეს რა საფეხბურთო სამყაროში ყველაზე მდიდარი პატრონები, „სენტ ჯეიმსის პარკზე“ გულშემატკივრებმა დიდი ზეიმი მოაწყეს, ამანდა სტეივლიმ კი თქვა:

„რასაკვირველია, ამიერიდან ჩვენ ისეთივე ამბიციები გვაქვს, როგორიც „მანჩესტერ სიტის“ და „პარი სენ ჟერმენს“. ყველაფრის მოგებას ვაპირებთ, მაგრამ ამას დრო სჭირდება.

ვგეგმავთ თუ არა 5 ან 10 წელიწადში პრემიერლიგის ჩემპიონობას? დიახ. ახალი პროექტი დიდი გარდაქმნების შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ მიზნამდე მისასვლელად საჭიროა ინვესტიციები, დრო, მოთმინება და გუნდური შრომა“.

„დეილი მეილი“ ვარაუდობს, რომ ახალი პატრონები მწვრთნელ სტივ ბრუსს 8 მილიონ გირვანქას გადაუხდიან და თანამდებობიდან გაუშვებენ. თურმე ისინი მიიჩნევენ რომ თუკი მათი მოსვლის შემდეგ, პირველ შეხვედრაში ანუ 17 ოქტომბერს, „ტოტენჰემ ჰოთსპურთან“, მწვრთნელი ისევ ბრუსი იქნება, ეს კარგ ტონად არ ჩაითვლება.

იმავდროულად, ასე უცბად, ახალი და უეცრად გაჩენილი ამბიციების შესაბამისი სპეციალისტის შოვნა რომ ძნელი საქმეა, მათ კარგად ესმით.

„დეილი მეილის“ აზრით, სტეივლი და მისი კოლეგები აქცენტს უპირველეს ყოვლისა პრემიერლიგაზე გააკეთებენ და ამიტომ მიზნად ინგლისში ჭიპმოჭრილი მწვრთნელის მოყვანას დაისახავენ. ამბობენ, რომ პირველი, ვისაც ისინი სამსახურს შესთავაზებენ ბრენდენ როჯერსი იქნება.

დადის ჭორი, რომ განიხილება „რეინჯერსის“ თავკაცის სტივ ჯერარდის კანდიდატურაც.

„კაჭკაჭების“ ყოფილი თავკაცი, ესპანელი რაფა ბენიტესი რასაკვირველია ერთ-ერთი მთავარი კანდიდატურა იქნებოდა, მაგრამ 2019 წელს, როდესაც ის „სენტ ჯეიმსის პარკზე“ მუშაობდა, კლუბი ვერ გაიყიდა, ამ ზაფხულს კი ბენიტესი „ევერტონში“ გადავიდა.

კონსორციუმი უკვე დაუკავშირდა „ნიუკასლის“ ლეგენდებს, ალან შირერსა და კევინ კიგანს, რომელთაც კლუბის სტრუქტურაში რაღაც თანამდებობებს აუცილებლად გამოუნახავენ. სავარაუდოდ, მათ ელჩებს დაარქმევენ.

ამბობენ, რომ „ნიუკასლის“ ახალი მეპატრონეები აპირებენ შირერის ძეგლისთვის ადგილმდებარეობის გამოცვლას. ჯერჯერობით ის ძველი ტუალეტების ადგილზე დგას.