ტურინში, 12 409 მაყურებლის წინაშე ნამდვილი დრამა დატრიალდა — ბელგია საფრანგეთს 2:0-ს უგებდა, შემდეგ ფრანგებმა გაათანაბრეს – 2:2, რის მერეც ბელგიელებმა 87-ე წუთზე თითქოსდა გამარჯვების გოლი გაიტანეს, მაგრამ ის ოფსაიდის მომიზეზებით VAR-მა არ ჩათვალა, 90-ე წუთზე კი ტეო ერნანდესმა სიხარული მსოფლიოს ჩემპიონებს მოუტანა.

კვირას, მილანში, ერთა ლიგის ფინალში ესპანეთს საფრანგეთი შეხვდება. ბელგია და იტალია კი მესამე ადგილისთვის იმავე დღეს, რამდენიმე საათით ადრე ტურინში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

არადა, პირველი ტაიმის მიხედვით, ბელგიელთათვის თითქოს იღბლიანი დღე იდგა. „ლურჯების“ მეკარეს უგო ლორისს დასაწყისშივე მოუხდა კევინ დე ბრუინის დარტყმისგან კარის არნახული რეაქციით გადარჩენა.

ტაიმის მიწურულს, 37-ე წუთზე, იანიკ კარასკომ დაბალი დარტყმით გახსნა ანგარიში, მე-40 წუთზე კი გაუჩერებელმა რომელუ ლუკაკუმ მხოლოდ მისთვის და საბრძოლო მანქანებისთვის დამახასიათებელი მოძრაობითა და დარტყმით გახვრიტა ყველა და ყველაფერი — 2:0.

სამაგიეროდ, შესვენების შემდეგ უკვე სხვა საფრანგეთის ნაკრები ვიხილეთ. თავიდან პოლ პოგბამ და ანტუან გრიზმანმა ვერ გამოიყენეს ხელსაყრელი შესაძლებლობები, 62-ე წუთზე კი ამ შემოდგომაზე საუცხოო ფორმაში მყოფმა ქარიმ ბენზემამ შეამცირა სხვაობა.

69-ე წუთზე ანტუან გრიზმანის წაქცევისთვის ვიდეოგამეორების მოშველიებით დაინიშნა პენალტი, რომელიც კილიან მბაპემ გაიტანა.

როგორც მოგახსენეთ, შემდეგ ისევ ბელგიელებმა, გაიტანეს, ეს ლუკაკუმ გააკეთა, მაგრამ გოლი არ ჩაითვალა. ამას მოჰყვა პოგბას დარტყმული ჯარიმა, რომელიც ხარიხას მოხვდა, ხოლო მატჩს წერტილი ერნანდესმა დაუსვა, რომელმაც საჯარიმოს მისადგომებიდან გამარჯვების გოლი შეაგდო.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კილიან მბაპე დაასახელეს.

ბელგიელმა ჟურნალისტმა ალისა სალიომ მატჩის შემდეგ უეფას ვებ-გვერდს თამაში ასე დაუხასიათა: „გულწრფელად გეტყვით, გამარჯვებას საფრანგეთის ნაკრები იმსახურებდა. მართალია, პირველი ტაიმის ცალკეულ ეპიზოდებში დე ბრუინი და ლუკაკუ ბრწყინავდნენ და ჩვენი ნაკრები ორი გოლით დაწინაურდა კიდეც, მაგრამ შესვენების შემდეგ საფრანგეთმა უკეთ ითამაშა. როდესაც ისეთი მაღალი დონის გუნდს ხვდები, როგორიც საფრანგეთის ნაკრებია, 90 წუთის განმავლობაში უნდა შეძლო საუკეთესო ფეხბურთის თამაში. ამას თუ ვერ შეძლებ, მოგივა ის, რაც ბელგიას მოუვიდა“.

რობერტო მარტინესი (ბელგიის ნაკრების მწვრთნელი): „მეორე ტაიმში ზედმეტად ემოციურები ვიყავით. ალბათ, უკვე ფინალში გვეგონა თავი“.

დიდიე დეშამი (საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი): „ასეთი თამაშის მოგება ჩვენს ძლიერ ხასიათზე მეტყველებს. ფეხბურთელები არ ნებდებიან. ყველა ღონეს ვიხმართ ფინალიც რომ მოვიგოთ“.