
Football Espana წერს, რომ ლა ლიგის მიმდინარე სეზონის დაწყებიდან რვა ტური გავიდა, რაც საკმარისია რათა ჩემპიონატის პირველი მონაკვეთი შეფასდეს. დღეს, როდესაც სანაკრებო ფეხბურთის გამო კლუბები ისვენებენ, დაგროვილ სტატისტიკაზე დაყრდნობით შეიძლება შეიქმნას შეხედულება, ამ ეტაპზე ვინ როგორ ყოჩაღობს.
ინტერნეტ გამოცემის აზრით, სხვადასხვა პარამეტრთა შორის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კარში დარტყმების რაოდენობაა. ის ცხადად აჩვენებს, რამდენად აგრესიულია შეტევაში ესა თუ ის ფეხბურთელი ან კლუბი.
8 ტურის შემდეგ ამ კომპონენტით ესპანეთში ლიდერი გამოკვეთილია. ის გახლავთ „რეალის“ თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა. მისი საშუალო მაჩვენებელია შეხვედრაში 4,3 დარტყმა.
ყურადღებას იპყრობს ბენზემას თანამემამულე, საფრანგეთის ნაკრებისა და „რეალ ბეტისის“ ფორვარდი ნაბილ ფეკირი, რომელიც თამაშში თურმე კარში 3,3-ჯერ არტყამს.
მესამე ადგილზეა „ვილიარეალის“ ნიგერიელი გარემარბი, 24 წლის არნაუტ დანჯუმა — ყოველ მატჩში 3,2 დარტყმა.
შემდეგ, 3,1 დარტყმით მოდის ბარსელონელი ჰოლანდიელი მემფის დეპაი, მას მოსდევს 3 დარტყმიანი მიკელ ოიარსაბალი „რეალ სოსიედადიდან“, რომელსაც კვალში უდგას „ესპანიოლის“ რაულ დე ტომასი (2,9).
შემდეგ არიან ინიაკი ვილიამსი „ბილბაოდან“ „რეალის“ ვინისიუს ჟუნიორი და მაურო არამბარი „ხეტაფედან“ — 2,6.
ათეულში ბოლო ადგილზეა „სელტას“ ვეტერანი თავდამსხმელი, 34 წლის იაგო ასპასი, რომელიც ჯერჯერობით ერთ შეხვედრაში 2,5-ჯერ არტყამს.





