„მარკა“ წერს, რომ კილიან მბაპეს საგამ ხელახლა მაშინ წამოყო თავი, როდესაც ამას არავინ ელოდა. ზაფხულში „რეალმა“ ორჯერ სცადა ფრანგი ფორვარდის „პარი სენ ჟერმენისგან“ ყიდვა, მაგრამ ორივეჯერ უარი მიიღო. ყველას ეგონა, რომ ამის შემდეგ კლუბები შობამდე დაზავდებოდნენ, მაგრამ აი, რა მოხდა: მბაპემ ინტერვიუ მისცა RMC სპორტსა და „ეკიპს“, რამაც თემა თავიდან წამოწია, თანაც დაძაბულობაც შეჰმატა.

„მარკას“ აზრით თავდამსხმელს ცეცხლისთვის ნავთი განზრახ არ დაუსხია. მას უბრალოდ უნდოდა ამბები თავისი გადასახედიდან მოეყოლა, მაგრამ კლუბები ერთმანეთს წაეკიდნენ.

კერძოდ, აი რა თქვა მბაპემ: „მე პსჟ-ს გაშვება ვთხოვე. მინდოდა კლუბს ტრანსფერის ნება მაშინ მოეცა, როდესაც ჩემი შემცვლელის მოსაძებნი დრო ჯერ კიდევ საკმარისად ექნებოდა. მიზნად ორივე მხარისთვის სახეირო ვარიანტის გამოძებნა მქონდა. არ მინდოდა საკითხი აგვისტოს ბოლო კვირაში გადაწყვეტილიყო. ჯერ ივლისი ილეოდა. ამასთან, ვინაიდან „პარი სენ ჟერმენს“ დიდ პატივს ვცემ დავძინე, თუ ჩემი გაშვება არ გინდათ, დავრჩები, მეთქი.

ახლა, ხალხში დადის ხმა, თითქოს კლუბმა ექვსჯერ თუ შვიდჯერ შემომთავაზა კონტრაქტის გახანგრძლივება, მე კი უარი ვუთხარი და ლეონარდოსთან ლაპარაკიც კი შევწყვიტე. ეს მტკნარი ტყუილია. მე „პარკ დე პრენსზე“ ყოველთვის ბედნიერად ვგრძნობდი თავს და ახლაც ასე ვარ“.

სამშაბათს, „რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა El Debate-ს ინტერვიუ მისცა, სადაც თქვა: „მბაპეს შესახებ ახალ ამბებს იანვარში გეტყვით. იმედი გვაქვს, რომ 1 იანვარს ყველაფერი გადაწყდება“.

რამდენიმე საათის შემდეგ პერესმა უკვე RMC-ს უთხრა, რომ El Debate-მ მისი ნათქვამი სწორად ვერ გაიგო. სინამდვილეში მან თითქოს თქვა, რომ „რეალი“ მბაპეს ამბებს შემდეგ წლამდე დაელოდება. ფლორენტინომ დასძინა, რომ ის ყოველთვის პატივს სცემდა „პარი სენ ჟერმენს“ და ამ კლუბის ხელმძღვანელებთან კარგი ურთიერთობა აქვს.

მაგრამ, „რეალის“ პრეზიდენტმა მდგომარეობიდან გამოძრომა ვერ მოასწრო, უფრო სწორად ვერ მოახერხა. „პარი სენ ჟერმენის“ სპორტულ დირექტორს, ლეონარდოს მისი ნათქვამი ეწყინა. „ეკიპთან“ ინტერვიუში მან თქვა, რომ პერესმა პსჟ-ს მიმართ უპატივცემულობა გამოხატა. ბრაზილიელი ქარიმ ბენზემაზეც გაბრაზდა.

„ისინი კილიანზე ისე ლაპარაკობენ, გეგონება უკვე მათი ფეხბურთელი იყოს“, — თქვა ლეონარდომ.

ცნობილია, რომ „პარი სენ ჟერმენი“ მბაპეს ახალ, ორწლიან შეთავაზებას უმზადებს. თავად მბაპემ კი ინტერვიუში ასე თქვა:

„კაცმა არ იცი როდის რა მოხდება. ის რაც გუშინ სიმართლე იყო, დღეს და ხვალ სიმათლე აღარ არის“.