ესპანეთში გრანდები ძველებურად ვეღარ გრანდობენ: „რეალმა“ „ესპანიოლთან“ სტუმრად წააგო 1:2. ბარსელონელთაგან რაულ დე ტომასმა და ალეიშ ვიდალმა გაიტანეს. ვიზიტორთა საპასუხო გოლი ქარიმ ბენზემამ შეაგდო, თუმცა კარლო ანჩელოტის შეგირდებმა გათანაბრება ვეღარ შეძლეს. ოფსაიდიდან გატანილი ორი თუნდაც ლამაზი გოლი ცხადია არ ჩაითვალა.

ეს გახლდათ ბოლო დღეებში „რეალის“ მეორე მარცხი. პირველი, „თეთრებმა“, ჩემპიონთა ლიგაში ტირასპოლის „შერიფთან“ წააგეს.

„ესპანიოლი“ გამარჯვებას იმსახურებდა. დე ტომასმა ანგარიში მეე-17 წუთზე გახსნა, „ბარსელონას“ ყოფილმა მოთამაშემ ვიდალმა კი უპირატესობა მე-60 წუთზე გაზარდა.

სამი წუთის შემდეგ სერხი დარდერს შეეძლო ტაბლოზე მადრიდელთათვის შეურაცხმყოფელი ანგარიში დაეწერა, მაგრამ ტიბო კურტუასთან პირისპირ შესულმა მიზანს ააცილა.

71-ე წუთზე ბენზემამ საჯარიმოს გასწვრივ სამი მეტოქე მოატყუა და დაყენებული დარტყმით შეამცირა სხვაობა.

მაგრამ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, „თეთრებმა“ მეტი ვერ შეძლეს და ახლა ესპანური პრესა მსჯელობს, რა იყო მათი „ესპანიოლთან“ დამარცხების მიზეზი.

ერთ-ერთ მიზეზად, მაგალითად, განაპირა მცველების ტრავმებს ასახელებენ. მათ არყოფნაში კარლო ანჩელოტიმ დაპირების მიუხედავად დავიდ ალაბას შუაში დაყენება ვეღარ გაბედა და მარცხენა ფრთაზე გაამწესა. მარცხნივ იტალიელ მწვრთნელს, „შერიფთან“, მიგელ გუტიერესმა გაუცრუა იმედი.

ამბობენ, რომ პირველ ტაიმში ედენ აზარის სათადარიგოთა სკამზე ჯდომის გამო სისტემის 4-4-2-ზე გადაწყობამაც ვერ გაამართლა.

ცუდ დროს უწევს სანაკრებო პაუზაც, რომელიც კარლო ანჩელოტის არ უყვარს.

„რეალის“ სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელები მადრიდში მხოლოდ 15 ოქტომბერს ბრუნდებიან, რის გამოც „თეთრების“ მატჩი „ბილბაოსთან“ გადაიდო. ახალი თარიღი მოგვიანებით გაირკვევა.

შედეგად, 18-დღიანი შესვენების შემდეგ „რეალს“ პირველი თამაში 19 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგაში, „შახტიორის“ წინააღმდეგ იქნება. მადრიდელებს იმედი აქვთ რომ იმ დროისთვის დაცვის პრობლემები მოგვარდება.

24 ოქტომბერს კი „კამპ ნოუზე“ „ელ კლასიკოს“ დროც მოდის.

ამრიგად, 8 ტურის შემდეგ „ლოს ბლანკოსს“ 7 ქულა აქვს დაკარგული და მართალია ცხრილში მაინც პირველ ადგილზეა, მაგრამ ერთპიროვნული ლიდერი არ არის: მის გარდა 17 ქულა აქვთ „ატლეტიკოსა“ და „რეალ სოსიედადს“.