„ბარსელონას“ მწვრთნელი რონალდ კუმანი სამსახურიდან გაშვებისგან ერთ ნაბიჯშია. მისმა გუნდმა მორიგი მარცხი იწვნია, ამჯერად „ატლეტიკოსგან“ — 0:2.

„ბლაუგრანა“ ესპანეთის დედაქალაქში გამარჯვების იმედით ჩავიდა. კატალონიელები უხარისხო, არათანმიმდევრული სერიის დასრულებაზე ოცნებობდნენ. თან, წარმატების შემთხვევაში კუმანსაც მეტ-ნაკლებად თავი ქუდში ექნებოდა, მაგრამ არ გამოვიდა. „ატლეტიკომ“ „ბარსელონას“ პირველსავე ტაიმში აჯობა. ტომა ლემარისა და ლუის სუარესის გოლებმა თამაშის ბედი შესვენებამდე გადაწყვიტეს.

კუმანმა, რომელიც დისკვალიფიკაციის გამო შეხვედრას თვალყურს ტრიბუნიდან ადევნებდა, მეორე ტაიმში შეხვედრის გადასხვაფერება სცადა, მაგრამ შედეგის გამოსწორება უკვე გვიანი იყო.

თამაშის მიწურულს ფილიპე კოუტინიუს შეეძლო სხვაობის შემცირება, თუმცა ვერ შეძლო, „მატრასების მკერავებმა“ კი სანაკრებო წყვეტის წინ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვეს.

ზემოთ მეორე გოლის ავტორი 34 წლის ურუგვაელი თავდამსხმელი ლუის სუარესი ვახსენეთ, რომელიც ადრე „ბარსელონას“ ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი იყო. მატჩის შემდეგ მან თქვა, რომ მისი ცნობილი „ტელეფონის ზეიმი“ კუმანს არ ეძღვნებოდა. კუმანი რა შუაშია? შეგახსენებთ, რომ სუარესი რომლის „ბარსადან“ წასვლას იმხანად ვერავინ წარმოიდგენდა, სწორედ მწვრთნელად კუმანის დანიშვნის შემდეგ გაყიდეს „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ და მანაც, ასეთი მოპყრობით მოტივირებულმა, ახალ გუნდთან ერთად ესპანეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

„ბედნიერი ვარ რომ გავიმარჯვეთ, — თქვა ფორვარდმა, — სწორედ ის შედეგი იყო, რომელიც გვინდოდა. „ბარსელონა“ განსაკუთრებულად მიყვარს, მაგრამ ჩემი საქმე ყოველ შეხვედრაში „ატლეტიკოსთვის“ თავდადებაა. დღეს ჩვენ ყველა ღონე ვიხმარეთ სამი ქულა რომ მოგვეპოვებინა.

ტელეფონი? ამ ჟესტს იმ ხალხისთვის ვაკეთებ, ვინც იცის, რომ ნომერი არ გამომიცვლია. ისევ ის ტელეფონი მაქვს. კუმანი არაფერ შუაშია.

ის კი არა, „ბარსელონას“ პატივისცემით სიხარული ხეირიანად არც კი გამოვხატე“.

„ატლეტიკოსთვის“, რომელმაც წინა ტურში „ალავესთან“ 0:1 წააგო, „ბარსასთან“ მოგება მნიშვნელოვანი იყო. შემდეგ ტურში მადრიდელები „გრანადასთან“ მიდიან სტუმრად, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგაში „ლივერპულს“ დაეტოლებიან.