ინგლისის ნაკრებში არეულობა მწიფდება. როგორც გაირკვა, სულ მცირე ხუთი ფეხბურთელი აცხადებს აცრაზე უარს. თან, ხუთიდან სამი ძირითადი შემადგენლობის წევრია. ისინი ზაფხულში ევროპის ჩემპიონატზე თამაშობდნენ.
არადა, ინგლისის ნაკრებს ანდორასა და უნგრეთთან წარმატებული თამაშის შემთხვევაში შეუძლია მსოფლიოს ჩემპიონატზე ახლავე დაიბევოს ადგილი და დარჩენილი პერიოდი ფინალური ეტაპისთვის მზადებას მოანდომოს.
ბრიტანული პრესა წერს, რომ „მოჯანყეებს“ აცრის საწინააღმდეგოდ სულელური მიზეზები მოაქვთ. მაგალითად, ერთი ფეხბურთელი ამბობს, რომ ძალიან ახალგაზრდა და ჯანმრთელია, რის გამოც ვირუსი ვერ შეეყრება. მას უხსნიან, რომ covid 19-ს ბევრი ჯანმრთელი ახალგაზრდის ორგანიზმი დაუზიანებია და გარდა ამისა, ის შეიძლება ვირუსის გადამტანი გახდეს ანუ სხვები დააავადოს, მაგრამ მას ასეთი არგუმენტების გაგონებაც არ უნდა.
მეორე უფრო შორს წავიდა და განაცხადა, რომ აცრა მთავრობას მოქალაქეებზე ჯაშუშობის ტექნიკურ შესაძლებლობას აძლევს. სხვა სიტყვებით, საიდუმლო სამსახურებს შეუძლიათ ყველა აცრილი ადამიანის განზრახვა შეიტყონ და აკონტროლონ ის.
რამდენიმეზე კი თურმე ანტივაქსერმა ცოლმა და მეგობარმა გოგონამ იმოქმედა.
როგორც ირკვევა, პრემიერლიგის კლუბებში ყოფილან ფეხბურთელები, რომლებსაც სწამთ, რომ კოვიდი სინამდვილეში არ არსებობს და ის ბილ გეიტსის პროპაგანდის ნაწილია.
ამასობაში, „ყატარი 2022“-ის ორგანიზატორები აუცრელი ფეხბურთელების შეჯიბრებაზე დაშვებას არ აპირებენ.





