
კატალონიაში ანსუ ფატიზე ამბობენ, რომ „ბარსელონას“ ლეგენდაც კი შეიძლება გახდეს, მაგრამ 2018 წელს, ის კინაღამ „ნიცაში“ გადავიდა.
ფატი მეტად ახალგაზრდაა, 31 ოქტომბერს 19 წლისა ხდება. არადა მას „ბარსაში“ უკვე ხვდა წილად უდიდესი პატივი — ლეო მესის 10 ნომერი გადასცეს.
ანსუმ გასულ სეზონში ძალიან კარგად დაიწყო თამაში, მაგრამ ბედმა უმუხთლა, დაშავდა და ათი თვე გაუცდა.
რაც შეეხება 2018 წლის ისტორიას, მაშინ მოვლენები ისე განვითარდა, რომ ფატის საფრანგეთში გადაბარგებას წინ აღარაფერი უდგა. წინასწარი კონტრაქტებიც მზად იყო. ფატის წარმომადგენლებსა და „ნიცას“ დირექტორატს შორის პირველი კავშირები 2018 წლის ნოემბერში გაიბა, 2019-ის იანვარში კი ფრანგული კლუბის ერთ-ერთი დირექტორი საბოლოო კონტრაქტის გასაფორმებლად ბარსელონაში ჩაფრინდა. ეს ის დროა, როდესაც „ბარსა“ „ნიცასთან“ პარალელურად მცველის ჟან-კლოდ ტოდიბოს ამბავსაც ჩარხავდა.
ანსუ ფატის მამამ, ბორი ფატიმ ფოტო გადაიღო „ნიცას“ 9-ნომრიანი მაისურით ხელში — მაისურას ზურგზე ფატი ეწერა, მაგრამ კონტრაქტი ვერ შედგა. მიზეზი: ფატის ევროკავშირის პასპორტი არ ჰქონდა და მის მისაღებად ბიჭუნას ესპანეთში მოუხდა თამაშის გაგრძელება.
ამასობაში, „ბარსელონაში“ შეამჩნიეს, რომ მართლა გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებული ფეხბურთელი ჰყავთ და 2019 წლის ივლისში ანსუს ახალი ხელშეკრულება გაუფორმეს. გამოსასყიდ თანხად „ბლაუგრანამ“ უკვე 170 მილიონი ევრო დათქვა.
იმავე პერიოდში „ნიცას“ გარდა ანსუ ფატის შეძენით დაინტერესდნენ „ჩელსი“, „ვესტ ჰემი“ და „იუვენტუსიც“. მამა ბორის ამ კლუბის წარმომადგენლებთანაც მრავალჯერ მოუწია შეხვედრამ, მაგრამ გადამწყვეტი როლი ყველგან პასპორტმა ითამაშა.





