„ბარსელონა“ ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგაში, ლისაბონში „ბენფიკასთან“ 0:3 დამარცხდა, რამაც მწვრთნელის მოხსნა-დატოვების საკითხი კვლავ ძალიან აქტუალური გახადა. ლა ლიგის ბოლო ტურში „ლევანტესთან“ 3:0 გამარჯვების შემდეგ ეს თემა „კამპ ნოუზე“ დროებით დაკონსერვებული იყოო, წერდა „მარკა“.
ახლა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ოფიციალურად არავის არაფერი გამოუცხადებია, რონალდ კუმანის გაშვება გადაწყვეტილ ამბად ჩანს.
გასარკვევი დარჩა ორი საკითხი: ვინ უნდა მიიყვანონ კუმანის ნაცვლად და როდის.
კითხვაზე როდის, არის ორი პასუხი: „ატლეტიკოსთან“ შაბათის თამაშამდე და ამ შეხვედრის შემდეგ.
ჰოლანდიელის „ატლეტიკოსთან“ თამაშამდე გაშვება ნაკლებად სავარაუდოა. ეს მეტისმეტად ემოციური და ნაჩქარევი ნაბიჯი იქნებოდა. „ატლეტიკოსთან“ თამაშის შემდეგ გაშვება კი უფრო გააზრებული საქციელი იქნება, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ახალ მწვრთნელს პირდაპირ ძლიერ მეტოქესთან დაპირისპირებაში არ შეაგდებენ და მეორეც, ამ უქმეების შემდეგ იწყება სანაკრებო კვირეული, რაც ახალ თავკაცს (თუკი ასეთი იქნება) დროის მოგებისა და მუშაობის დინჯად დაწყების შესაძლებლობას მისცემს.
ახლა, კანდიდატების შესახებ. თუ ჟოან ლაპორტამ მოულოდნელად ვინმე მეოთხე არ მოიყვანა, კანდიდატი სამია: ჩავი, ანდრეა პირლო და რობერტო მარტინესი.
როგორც Football Espana წერს, ჩავი ხალხის საყვარელი ფიგურაა და მისი მწვრთნელად დანიშვნა პრეზიდენტის მხრიდან გულშემატკივრის გულის მოგება იქნება, პირლოს ან მარტინესის მიწვევა კი იქნება ის გადაწყვეტილება, რომელიც ლაპორტას უფრო უნდა.
გასათვალისწინებელია საკითხის ეკონომიკური მხარეც. დიდი მნიშვნელობა აქვს, ამ გაჭირვებაში ვინ რამდენ ხელფასს მოითხოვს. კუმანის გასამრჯელო 12 მილიონი ევროა.
და კიდევ ერთი ამბავი, რომელსაც რატომღაც ნაკლებად ექცევა ყურადღება: ჩავიმ, „ბარსელონას“ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა ლაპორტას კონკურენტს, ვიქტორ ფონტს მისცა.
„ატლეტიკოსა“ და „ბარსელონას“ შეხვედრა კი 2 ოქტომბერს, საქართველოს დროით 23 საათზე, მადრიდის „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ გაიმართება.