0:13, 0:10, 0:8 – ამ ანგარიშებით წააგო ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგაში საქართველოს 17 წლამდე ქალთა ნაკრებმა ფეხბურთში.
წააგო კოსოვოსთან, ლუქსემბურგთან და ბელარუსთან.
სულ, ისტორიაში ჩვენს 17-წლამდელებს 33 მატჩი აქვთ ჩატარებული: 1 მოგება, 2 ფრე, 30 მარცხი. ბურთების შეფარდება: 7-291.
აქამდე საინტერესო და ახალი არაფერი გვითქვამს – საქართველოს ნაკრების კარში 23 და 27 გატანილი ბურთებიც გვახსოვს.
საინტერესოა თავის გამართლების მიზეზები… როგორც ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ჯერ კიდევ მოქმედი ფეხბურთელი, საქართველოს 8-გუნდიან ჩემპიონატში მეექვსე ადგილზე მყოფი „გორი იუნაიტედის“ წევრი სალომე ხუბულური მედიასთან საუბარში ამბობს, რომ ფიასკოს მიზეზი ბევრია.
ეგ 30 წელიწადია ჩვენც ვიცით, უფრო კონკრეტული გვაინტერესებდა და…
თურმე პირველი და მთავარი მიზეზი ყოფილა გამოუცდელობა…
აბა, 17 წლის გამოცდილი ფეხბურთელი გვანახეთ? ახლა თუ გვეტყვით, ყველაფერი შედარებითიაო, მაშ 17 წლის კოსოვოელი და ლუქსემბურგელი გამოცდილი ფეხბურთელი დაგვანახეთ. ვერა, იმიტომ რომ, კოსოვომ და ლუქსემბურგმა ამ შესარჩევ ეტაპზე ისტორიაში პირველი მატჩები ჩაატარეს და სანაკრებო დონეზე საერთოდ გამოუცდელები იყვნენ.
ყოფილა შეუთამაშებლობის პრობლემაც, ჯგუფურ ტურნირამდე ერთი ამხანაგური მატჩიც კი არ გვითამაშიაო… არადა, ხომ ვთქვით უკვე, რომ კოსოვომ და ლუქსემბურგმა ისტორიაში პირველი მატჩები სწორედ ამ ტურნირზე ჩაატარეს! ვიმეორებთ, აგერ, ამ შესარჩევ ტურნირზე.
დიდი პასუხისმგებლობის ქვეშ ვთამაშობდითო. კიდევ გადავხედეთ ანგარიშებს, ხომ არაფერი გვეშლება,- თქო. გადავხედეთ და უფრო უპასუხისმგებლობა დავინახეთ, ვიდრე დიდი პასუხისმგებლობა.
არ იფიქროთ, მარტო ცუდზე ვიყოთ ჩასაფრებულნი. სალომე ამბობს, რომ შედეგისთვის უფრო მეტი შეკრება და თამაშებია საჭირო. მართალია, მწვრთნელი – ხომ ხედავთ, თამაშიდან თამაშამდე როგორ უმატებს კი არა… უკლებს ნაკრები გოლების გაშვებას?!
ისე, სალომე, ჩვენი მხრიდან გეტყვით, რომ შეკრებები და ამხანაგური მატჩები იმ ხალხის საქმეა და მათ უნდა მოკითხო, შენ რომ მთავარ მწვრთნელად დაგნიშნა…