„რაპიდის“ ფანებმა „ლონდონ სთედიუმზე“ „ვესტ ჰემის“ ფანებს შეუტიეს. ასეთი გახლდათ ავსტრიელი ქომაგების რეაქცია დიკლენ რაისის მიერ 28-ე წუთზე გატანილ გოლზე. ევროლიგის შეხვედრის საბოლოო ანგარიში გახლდათ 2:0 „ჩაქუჩების“ სასარგებლოდ.

როდესაც ფანებს შორის კონფლიქტი იწყება, უფრო ხშირად მასპინძლები იჩენენ აგრესიას, ამ შემთხვევაში კი პირიქით მოხდა: ავსტრიელებმა იხუვლეს და ბარიერების გადალახვა სცადეს, რათა ლონდონში ლონდონელები ეცემათ.

ინგლისური პრესა წერს, რომ დაპირისპირება ჯერ კიდევ თამაშამდე დაიწყო. სტადიონზე მიმდინარეობდა სინათლის შოუ, რომელიც ევროლიგაზე „ვესტ ჰემის“ პირველ საშინაო მატჩს ეძღვნებოდა და ამ წარმოდგენის მსვლელობისას სტუმარი გუნდის ფანებმა მასპინძლების გაღიზიანებას მიჰყვეს ხელი.

სტუმართა და მასპინძელთა სექტორებს შორის იყო ბარიერები და სამმეტრიანი ბუფერული ზონა. როდესაც წარმოდგენის დროს სინათლე ჩაქრა, მავანთ ბარიერებისა და ბუფერული ზონის გადაღმა რამდენიმე წყლის ბოთლი ისროლეს.

როდესაც სტადიონზე კვლავ აანთეს სინათლე, ბოთლების სროლა შეწყდა, მაგრამ სიმშვიდემ მხოლოდ 20 წუთს გასტანა. შემდეგ კვლავ ატყდა ბოთლების აქეთ-იქით „ფრენა“.

და როდესაც 28-ე წუთზე რაისმა ანგარიში გახსნა, „ვესტ ჰემის“ ფანებმა თავგადაკლული ზეიმი მოაწყეს, რამაც ვენელები გააბრაზა. მათ ბარიერებზე გადახტომა და ლონდონელების ცემა მოიწადინეს. ხულიგნობაში დაახლოებით 30-40 კაცი მონაწილეობდა. სტიუარდები ყველა ღონეს ხმარობდნენ ისინი უკან რომ დაებრუნებინათ. შემდეგ სტიუარდებს პოლიციის რაზმიც მიეშველა და წესრიგის დამცველებმა იმდენი შეძლეს, რომ პირველ ეტაპზე წესრიგი დაამყარეს.

არეულობა თამაშის დამთავრების შემდეგ განახლდა. ავსტრიელებმა კვლავ სცადეს თავიანთი სექტორის გარღვევა და მასპინძელ ფანებზე თავდასხმა. ისროდნენ ბოთლებს. პატარა ბიდონიც კი ისროლეს.

იყო კიდევ ერთი უცნაური სცენა, როდესაც ინგლისელი წესრიგის მცველები „რაპიდის“ საკლუბო ტანსაცმელში გამოწყობილ ადამიანებს, სავარაუდოდ ვენური კლუბის თანამშრომლებს დაერივნენ. როგორც ამბობენ, მათ შორის განსაკუთრებით ერთი აქტიურობდა.