ესპანეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ქვეყნის სტადიონები კვლავ გაივსება გულშემატკივრებით. ამ მხრივ ლა ლიგა პრემიერლიგას ჩამორჩებოდა. ინგლისში უფრო ადრე გაართვეს თავი კორონაპანდემიით გამოწვეულ სირთულეებს, მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა აცრეს და სტადიონები გახსნეს, რაშიც მსოფლიო ტელემაყურებელი ყოველ უქმეებზე რწმუნდება.

ესპანეთში სეზონი 40 პროცენტიანი შეზღუდვით დაიწყო, თუმცა ზოგიერთ რეგიონში, მაგალითად პამპლონაში, გულშემატკივრის რაოდენობა ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით უფრო შეზღუდეს.

სექტემბერში, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ ესპანელ გულშემატკივარს ნება დართო ტრიბუნების 60 პროცენტი შეევსო, 1 ოქტომბრიდან კი სტადიონების კარები სრულად იღება.

ამასთან, თითოეულ რეგიონს მაინც რჩება უფლება, საჭიროებიდან გამომდინარე თავად შეიტანოს რეგულაციებში ცვლილება და განსაზღვროს, რამდენი გულშემატკივრის დასწრებაა მიზანშეწონილი საფეხბურთო მატჩებზე.

რაც შეეხება შეზღუდვებს, რომლებიც ჯერჯერობით არ მოიხსნება, ესენია: პირბადის სავალდებულო ტარება, პროცედურა-კონტროლი შესასვლელებთან და არანაირი საკვები სტადიონებზე.