ეს მხოლოდ დროის ამბავი იყო: ლეო მესიმ „პარი სენ ჟერმენში“ გაიბრწყინა. მის მიერ „მანჩესტერ სიტის“ კარში 74-ე წუთზე გატანილმა გოლმა პეპ გვარდიოლას გუნდი გატეხა. A ჯგუფის მეორე ტურის მატჩში პარიზელებმა სტუმრები 2:0 დაამარცხეს.

ინგლისელ გულშემატკივარს თავი შეუძლია იმით დაიმშვიდოს, რომ იმავე საღამოს B ჯგუფის შეხვედრაში „ლივერპულმა“ „პორტუს“ სტუმრად მოუგო 5:1.

გვარდიოლამ კი, როდესაც მისი გუნდი მესისთან მარცხდება, ყოველთვის იცის რა თქვას — არგენტინელის ჩაკეტვა 90 წუთის განმავლობაში შეუძლებელია. ის ერთ ვარსკვლავურ ეპიზოდს მაინც გამოძებნის.

„ლეო მესის გოლი ფანტასტიკური იყო, — თქვა ყოფილი შეგირდის ოსტატობით მოხიბლულმა კატალონიელმა, — ჩვენ იმთავითვე ვიცოდით, რომ ლეოს განეიტრალება 90 წუთის განმავლობაში გამორიცხული იყო. ის დღეს ბურთთან ხშირად არც იყო.

კარგად მოგვეხსენებოდა, რომ როდესაც გაქცევისა და საჯარიმოსთან მიახლოების საშუალებას აძლევენ, ის შეუჩერებელია. ვიმეორებ, ჩვენ ეს ვიცოდით და ჩვენ ამის შესახებ ნალაპარაკები გვქონდა. ასეთი დიდი ტალანტების კონტროლი მთელი 90 წუთის განმავლობაში შეუძლებელია.

მესის წინააღმდეგ, ერთადერთი ხერხი რომელიც ჩემთვის ცნობილია, არის მთელი მატჩის განმავლობაში ღრმა დაცვაში ჩაკეტვა და იმაზე ლოცვა, რომ ბურთს მოიპოვებ და შენი თამაშის შესაძლებლობა მოგეცემა. ჩვენ დღეს ჩვენი ფეხბურთი ვითამაშეთ.

ჩემს თავდამსხმელებს შეეძლოთ საკუთარი თავისთვის შემოეძახათ: მე გოლის გატანა შემიძლია, მე მაქვს საამისო ოსტატობა. ეს სწორედ ის არის, რაც მათ მომავალში უნდა გააკეთონ“.

მესისთვის კი ეს შეხვედრა „ბარსელონადან“ „პარი სენ ჟერმენში“ გადასვლის შემდეგ, ახალი გუნდის შემადგენლობაში მეოთხე იყო. მან თქვა:

„წინაზე მონაწილეობის საშუალება არ მომეცა. ეს ჩემი მეორე მატჩი იყო „პარკ დე პრენსზე“. ახალ გუნდს თანდათანობით ვეგუები. თავდამსხმელები რაც უფრო ხშირად ვითამაშებთ ერთად, მით უფრო კარგად გავუგებთ ერთმანეთს. ჩვენ ერთად უნდა გავიზარდოთ, თამაში გავაუმჯობესოთ და მაქსიმუმი ვაჩვენოთ.

„სიტი“ დიდებული მეტოქე იყო. „ბრიუგესთან“ ფრის შემდეგ ჩვენთვის ამ შეხვედრის მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ბედნიერი ვარ გოლი რომ გავიტანე“.

ჩემპიონთა ლიგის გასული გათამაშების ფინალისტმა „მანჩესტერ სიტიმ“ მასპინძელთა კართან რამდენიმე აშკარა საგოლე მომენტი შექმნა. მათ შორის გამორჩეული გახლდათ ეპიზოდი, როდესაც ბურთი ზედიზედ ორჯერ მოხვდა „პარი სენ ჟერმენის“ ხარიხას. მეორე ჯერზე ბერნარდო სილვამ ორი მეტრიდან ვერ შეაგდო.

პარიზელებმა მთელი მატჩის განმავლობაში კარში სულ სამჯერ დაარტყეს და ორჯერ შეაგდეს. პირველად ეს მე-8 წუთზე მოხდა, როდესაც სტუმართა დაცვის შეცდომით იდრისა გეიემ ისარგებლა და ახლოდან გაიტანა.

გვარდიოლა: „ჩემმა გუნდმა კარგად ითამაშა. ისევე, როგორც გასულ შაბათს „სტემფორდ ბრიჯზე“, როდესაც „ჩელსის“ 1:0 მოვუგეთ. ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ. გოლის გატანა შეგვეძლო, მაგრამ ვერ მოვახერხეთ.

სამწუხაროა, მაგრამ რას იზამ, ასეთია ფეხბურთი. ყველაზე მთავარი თამაშის ხარისხია. დღეს ჩვენ ხარისხიანად ვითამაშეთ.

რაც მოხდა, მოხდა. ამ საღამოს გემრიელად ვივახშმებთ, ჭიქა ღვინოს დავლევთ და კვირას, „ლივერპულთან“ სათამაშოდ მოვემზადებით“.