გახსოვთ ფრანგი ფორვარდი ნიკოლა ანელკა? მან 2000 წელს „რეალის“ შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგა მოიგო; 1998 წელს „არსენალის“, ხოლო 2010 წელს „ჩელსის“ შემადგენლობაში პრემიერლიგის ჩემპიონი გახდა; 2013 წელს „იუვენტუსის“ მაისურით „სკუდეტო“ ანუ იტალიის ჩემპიონობა მოიპოვა; 2005 წელს, როდესაც „ფენერბაჰჩეში“ თამაშობდა, იყო თურქეთის სუპერლიგის ჩემპიონი; 2000 წელს საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში გახდა ევროპის ჩემპიონი; გახლდათ ბევრი სხვა ტიტული მფლობელი… „ლე პარიზიენისთვის“ მიცემულ ინტერვიუში 42 წლის ვეტერანმა თავისი პირველი კლუბის „პარი სენ ჟერმენის“ დღევანდელ მდგომარეობაზე ილაპარაკა.

„შეტევათა ლიდერი უნდა იყოს მპბაპე, რადგან ის ყველას სჯობია. მესი ყველას „ბარსელონაში“ სჯობდა, აქ, „პარი სენ ჟერმენში“ კი მბაპეს უნდა გაუწიოს ასისტენტობა. მბაპე ხუთი წელიწადია „პარკ დე პრენსზე“ თამაშობს და არგენტინელმა მას პატივი უნდა სცეს“, — თქვა ანელკამ.

ცნობილია, რომ მბაპეს „პარი სენ ჟერმენიდან“ „რეალში“ უნდა გადასვლა. ფრანგული ფეხბურთის ვეტერანს ახალგაზრდა თავდამსხმელის სურვილი კარგად ესმის. მან თქვა:

„კილიანი ფენომენალური ფეხბურთელია. სისწრაფის თვალსაზრისით მას მსოფლიოში ბადალი არ ჰყავს. თუკი პარიზელებს საუკეთესო გუნდის შექმნა სურთ, ყველა ღონე უნდა იხმარონ რომ ის შეინარჩუნონ. თუმცა, როგორც ვატყობ, მბაპეს გონებაში ყველაფერი დალაგებული აქვს. მას სურს განსხვავებული გამოცდილება და თან ისეთი, მისთვის აზრი რომ ექნება. ის „ოქროს ბურთის“ მოგებაზე ფიქრობს, მაგრამ როგორ შეძლებს ამას თუკი უეფას რეიტინგით მეექვსე ლიგაში დარჩება?

ბოლო სამი წლის განმავლობაში კილიანს ინგლისში ან ესპანეთში რომ ეთამაშა, „ოქროს ბურთი“ უკვე მოგებული ექნებოდა“.

მესის პარიზული ცხოვრება კი ჯერ არ არის მოწესრიგებული. „ლიონთან“ შეხვედრაში, როდესაც მაურისიო პოჩეტინომ ის ჰაკიმით შეცვალა, არგენტინელი გაბრაზდა. შემდეგ კლუბში გამოსავალი მოძებნეს და მოიგონეს, ვითომ მესი პოჩეტინომ ტრავმის გამო შეცვალა. ანელკას ამ ისტორიის შესახებაც ჰკითხეს.

„მესის საქციელი ძალიან კარგად მესმის. როდესაც გყავს მსოფლიოს ექვსგზის საუკეთესო ფეხბურთელი, რომელსაც ახალ გუნდში ჯერ გოლი არ გაუტანია, ის 65-ე წუთზე არ უნდა შეცვალო. ამ შეცვლამ მესიზე ძალიან იმოქმედა. ნებისმიერმა თავდამსხმელმა უნდა იგრძნოს, რომ მწვრთნელი მას ენდობა. მეც ფორვარდი ვიყავი და ნამდვილად ვიცი, რომ მესის ადგილას გავბრაზდებოდი.

იმას, რაც პოჩეტინომ გაუკეთა, არგენტინელი ვერ დაივიწყებს. ის გუნდის ვარსკვლავია, თან „პარკ დე პრენსზე“ პირველად თამაშობდა. იმ მომენტის გულს გარეთ გატარება მესისთვის ძნელი იქნება.

შემდეგ ლეომ „მეცთან“ არ ითამაშა და მე ეს მის პასუხად აღვიქვი. მესის ასე არ უნდა მოექცე. გასაგებია, რომ მწვრთნელს უნდოდა ყველასთვის მკაფიოდ ეჩვენებინა, ვინ ვინ არის „პარი სენ ჟერმენში“, მაგრამ… ეს ხომ მესია!“

ბოლოს კი ანელკამ თავის მომავალ გეგმებზე ილაპარაკა.

„მწვრთნელობას ნამდვილად ვაპირებ, მაგრამ არა ევროპაში. სადმე აზიაში, სპარსეთის ყურეში მირჩევნია. მაგრამ, თუ ოდესმე „პარი სენ ჟერმენის“ სათავეში ჩადგომას შემომთავაზებენ, უარს არ ვიტყვი. „პარი სენ ჟერმენი“ ერთადერთი ევროპული გუნდია, რომელსაც გავწვრთნიდი“.