ესპანეთის ქალაქ სიტჟესში დაიწყო მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს 2021 წლის გუნდური ჩემპიონატი.
ტურნირი ახლებური ფორმატით ტარდება. თუ გასული შვიდი ჩემპიონატი წრიული სისტემით ჩატარდა, ახლა 12 გუნდი (სომხეთი, საფრანგეთი, ინდოეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, ყაზახეთი, ესპანეთი, ფიდეს ამერიკა ((გუნდი, რომელიც ფიდემ დააკომპლექტა), გერმანია, პოლონეთი, უკრაინა) ორ ჯგუფში გადანაწილდა. ჯგუფიდან 4-4 საუკეთესო ჯვარედინი სისტემით გზას ფლეი ოფში გააგრძელებს, რომელიც ასევე ახლებურად ჩატარდება – გამარჯვებული ორ მატჩში უნდა გამოვლინდეს, ხოლო თუ ფრედ დასრულდა, ყველაფერს სწრაფი ჭადრაკი გადაწყვეტს.
საქართველოს ნაკრები B ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად უკრაინა, ფიდეს ამერიკა, პოლონეთი, ყაზახეთი და გერმანია ჰყავს.
პირველ ტურში ჩვენებმა ერთ-ერთ ფავორიტ უკრაინას 3:1 მოუგეს, ხოლო მეორე ტურში ყაზახეთის ნაკრებს დაუზავდა – 2:2.
ორი ტურის შემდეგ ჯგუფს 3-3 ქულით საქართველო და ყაზახეთი ლიდერობს, 2-2 ქულა აქვთ უკრაინას, გერმანისა და ამერიკას, ხოლო პოლონეთი უქულოდ არის.
A ჯგუფს 4 ქულით რუსეთი ლიდერობს, სომხეთსა და ინდოეთს 3-3 ქულა აქვთ, აზერბაიჯანს – 2, ხოლო საფრანგეთი და ესპანეთი უქულოდ არიან.
28 სექტემბერს კიდევ ორი ტური გაიმართება.





