რომაულ დერბიში 3:2 გამარჯვებით გახარებულმა მაურიციო სარიმ ხელზე ცოცხალი არწივი დაისვა. „ჩელსის“ ყოფილმა თავკაცმა მწვრთნელთა დუელში არც მეტი არც ნაკლები ჟოზე მოურინიუს აჯობა, რომლისთვისაც ეს იყო კარიერაში პირველი „დერბი დელა კაპიტალე“.

გამარჯვებულთა მხრიდან გოლები გაიტანეს სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩმა, პედრომ და ფელიპე ანდერსონმა.

„რომას“ ფეხბურთელთაგან როჟერ იბანესმა და ჟორდან ვერეტუმ ორჯერ შეამცირეს სხვაობა. მოურინიუს შეგირდები თამაშის შემოტრიალებითაც იმუქრებოდნენ, მაგრამ უშედეგოდ.

ექსცენტრულმა სარიმ, რომელიც მოურინიუს მსგავსად რომში მუშაობას ამ ზაფხულს შეუდგა, გამარჯვება გამორჩეულად აღნიშნა. ის არწივით მივიდა ჩრდილოეთ ტრიბუნასთან, სადაც „ლაციოს“ ფანები იყრიან თავს. არწივი „ბიანკოჩელესტის“ თილისმაა.

არანაკლებ ექსცენტრულმა მოურინიუმ კი ამასობაში გადაწყვიტა თავისი ფეხბურთელებისთვის მოედნის კიდესთანვე აეხსნა, რომ ასეთი თამაშით დიდ წარმატებებზე ლაპარაკი ზედმეტია.

სარი: „უნდა ვაღიარო, რომ ეს შეხვედრა ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ემოციური გამოვიდა. არ მეგონა დერბი ადრენალინის ასეთ ამოფრქვევას და გამარჯვების სიხარულს თუ გამოიწვევდა. აი, ეს არის ნამდვილი ფეხბურთი და არა ფლეი-სთეიშენი.

დღეს ჩემი გუნდის შესრულებით ვნახე შვიდი თუ რვა ისეთი ეპიზოდი, ძალიან რომ მომეწონა, მაგრამ მათი კლონირება და სხვა შეხვედრებში გადატანა შეუძლებელია. ეს ყველგან არ იმუშავებს“.

აღსანიშნავია, რომ პედრო, რომელსაც „ბარსელონასა“ და „ჩელსიში“ თამაშით კარგა ხანია ვიცნობთ და რომელმაც 2015 წელს, თბილისში, ევროპის სუპერთასზე, „სევილიას“ კარში „ბარსას“  გამარჯვების გოლი გაიტანა, გახდა ისტორიაში მესამე ფეხბურთელი, რომელმაც იტალიის დედაქალაქის დერბიში როგორც „რომას“ ასევე „ლაციოს“ მაისურით გამოიჩინა თავი.