No description available.ქართული ლელოს გარეშე არც ტოპ 14-ის მორიგ ტურს ჩაუვლია. „ლა როშელის“ ბურჯმა გურამ პაპიძემ „ბიარიცთან“ შეხვედრის 63-ე წუთზე თავისი გუნდის რიგით მე-6 ლელო გაიტანა, რომელიც პირადად მისთვის პირველი გახლდათ საფრანგეთის უმთავრეს სარაგბო ლიგაში.

24 წლის პაპიძე ჩემპიონთა თასის ფინალისტს ზაფხულში შეუერთდა, ფრანგული კარიერის დასაწყისში „ლიონის“, მომდევნო სამი წელი კი პრო დ2-ის „ნევერის“ ღირსებას იცავდა, რომლის შემადგენლობაშიც გასულ სეზონში 27 მატჩში 3 ლელო მიითვალა და „ლა როშელის“ სამიზნეც ამიტომ გახდა.

შაბათის მატჩში კი გურამი 45-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო „ბიარიცის“ რიგებში სტარტიდანვე თორნიკე ჯალაღონია იყო, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა. გიორგი ნუცუბიძე და უჩა ჭეიშვილი მარქაფაში იყვნენ. გიორგის სეზონური დებიუტი 21-ე წუთზე შედგა, თუმცა 67-ეზე მას მოედნის დატოვება მოუხდა, ხოლო უჩა თამაშში 27-ე წუთზე ჩაერთო და ბოლომდეც ითამაშა. მატჩი კი ბასკთათვის კატასტროფულად წარიმართა და ასევე დასრულდა. საბოლოო ანგარიში – 59:17 „ლა როშელის“ 9 ლელოსა და ბონუსის ფონზე.

No description available.„ბორდომ“ მრავალქართველიან „ბრივს“ უმასპინძლა და ჩვენებურთა გადაღლის შემდეგღა შეძლო თამაშში გარდატეხის შეტანა. მასპინძელთა შორის შესვენების შემდეგ ლექსო ყაულაშვილი გამოჩნდა და თამაშს 73-ე წუთზე დაზიანების გამო გამოეთიშა. ბრიველთა სასტარტო შემადგენლობაში კი ერთბაშად 4 ქართველი მორაგბე იყო.

სოსო ბეკოშვილმა 30-ე წუთზე დატოვა მინდორი, თუმცა თამაშში მის ნაცვლად ჩართული ლუკა ჯაფარიძე 71-ეზე დაშავდა და სოსოს დაბრუნებამ მოუწია. მატჩი მთლიანობაშიც ძალიან ხისტი და ხშირად უხეშიც იყო. ჯაფარიძის დარად კიდევ ერთი ბორჯღალოსანი დაშავდა. ოთარ გიორგაძე 22-ე წუთზე ამოვარდა თამაშიდან, 35-ეზე დაბრუნდა, მაგრამ 16 წუთში საბოლოოდ გავიდა მინდვრიდან. ვასილ ლობჟანიძე კი, ჩვენდა საბედნიეროდ, პირიქით, ტრავმირებული თანაგუნდელის ნაცვლად დაბრუნდა თამაშში. ეს 78-ე წუთზე მოხდა. ისე კი, ვასკა სასტარტოში იყო და 54-ემდე ყოჩაღად უძღვებოდა ბრიველთა თამაშს. ეს გასაკვირი სულაც არ ყოფილა, რადგან ღერძი მან და მისმა ოდინდელმა პარტნიორმა თედო აბჟანდაძემ შეადგინეს. ბორჯღალოსანი მგეზავი მშვენივრად გამოიყურებოდა და როცა „ბრივის“ ქართული ღერძი თამაშიდან გავიდა, ბორდოელთა უპირატესობის გამოკვეთაც მაშინ დაიწყო, თორემ 45-ე წუთამდე სტუმრები 11:10 იგებდნენ. ხსენებულთა გარდა, 50-ე წუთზე შეცვლაზე გასული ტურის გმირი ვანო კარკაძე შევიდა. თამაში კი „ბორდომ“ 29:10 მოიგო.

„პოსა“ და „მონპელიეს“ მატჩში „აიწონა-დაიწონა“ გაჩაღდა რომელიც საბოლოოდ მასპინძელთა მინიმალური (23:22) გამარჯვებით დასრულდა. ამ წარმატებაში წონადი წილი ბექა გორგაძემ დაიდო. ბორჯღალოსანთა ერთ-ერთმა ლიდერმა შეუცვლელად ითამაშა და ეტყობა, ნელ-ნელა ჩვეულ ფორმაში შედის. სტუმართა შორის კი ბოლო 7 წუთი მიშა ნარიაშვილმა ითამაშა.

No description available.„სტად ფრანსემ“ „კასტრს“ 34:10 მოუგო და ეს იყო პარიზელთა პირველი გამარჯვება მიმდინარე სეზონში. მათი კაპიტანი პოლ ალო ემილი უკვე მე-3 წუთზე წითელი ბარათით გააძევეს და მის ნაცვლად თამაშში გიორგი მელიქიძე ჩაერთო, რომელმაც ბრწყინვალედ ითამაშა და გუნდის წარმატებაში სერიოზული როლი შეასრუა. მან მოედანზე 77 წუთი დაჰყო, ხოლო ვასილ კაკოვინი შეცვლაზე 47-ე წუთზე შევიდა.

გამარჯვება მეორე დედაქალაქურმა გუნდმაც იზეიმა – „რასინგ-92“-მა „ლიონს“ დიდი გაჭირვებით, 24:20 სძლია და ცხრილის მეორე საფეხურზე აინაცვლა. მასპინძელთა შორის საწყისი 46 წუთი გურამ გოგიჩაშვილმა ითამაშა, ხოლო ლიონელებში მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა დავით ნინიაშვილმა. 19 წლის ქართველმა ფულბექმა ამჯერად შუამარბის პოზიციაზე ითამაშა და მის მწვრთნელ პიერ მინიონის სასაყვედურო არც ამჯერად ექნებოდა რამე.

კიდევ ერთი „აიწონა-დაიწობა“ ფრანგულ კატალონიაში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა „პერპინიანმა“ „ტულონი“ საბოლოოდ მაინც გატეხა – 12:9. მასპინძელთა სასტარტოში გიორგი თეთრაშვილი იყო, რომელმაც 58 წუთი ითამაშა, ხოლო „ტულონის“ ერთ-ერთი ლიდერი ბექა გიგაშვილი შეხვედრის დაწყებიდან 67 წუთი დაჰყო მინდორზე.