ლუის სუარესმა ხეტაფეში, რაც ფაქტობრივად მადრიდის გარეუბანია, 78-ე და 90-ე წუთებზე ორი გოლი გაიტანა და მასპინძლებს გამარჯვება გამოსტაცა ხელიდან — 2:1. ამ მომენტისთვის „მატრასის მკერავები“ პირველ ადგილზე არიან და ელიან, თუ როგორ დამთავრდება „რეალის“ შეხვედრა „მალიორკასთან“, რომელიც დღეს, საქართველოს დროით შუაღამისას უნდა გაიმართოს.
პირველ ტაიმში ესპანეთის ჩემპიონმა ცუდად ითამაშა, რაც განსაკუთრებით უკბილო შეტევებზე ეტყობოდა. „ბარსელონადან“ დაბრუნებული ანტუან გრიზმანი ფორმაში არ არის და გუნდს, სადაც წლების წინ ბრწყინავდა, ვერაფრით ეხმარება.
პირველი ტაიმის ბოლო წუთზე კი „ატლეტიკოს“ გამოცდილმა მეკარემ, ჩვეულებრივ საიმედო 28 წლის სლოვენიელმა იან ობლაკმა უხეში შეცდომა დაუშვა, რისი წყალობითაც „ხეტაფე“ დაწინაურდა — გოლი სერბმა სტეფან მიტროვიჩმა გაიტანა.
შესვენების შემდეგ „ხეტაფე“ კბილებით იცავდა მოპოვებულ უპირატესობას, მაგრამ ბოლო 15 წუთში ანუ მას მერე, რაც ნახევარმცველი კარლეს ალენია უხეშობისთვის მოედნიდან გაუგდეს, ჩემპიონისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვეღარ შეძლო.
რიცხობრივმა უპირატესობამ ლუის სუარესს გაუხსნა ხელ-ფეხი. ურუგვაელმა დაამტკიცა, რომ ყველა, ვინც „ბარსელონამ“ მოიშორა ცუდ ფორმაში როდია.
მატჩის შემდეგ სუარესმა თქვა: „ჩვენ რაღაც-რაღაცები გამოსასწორებელი გვაქვს. ვიცი, მაკრიტიკებენ კიდეც, მაგრამ ამას დაჩვეული ვარ. ბრძოლას განვაგრძობთ. ჩემი ცხოვრება მუშაობაა“.