გასული უქმეები ევროპის ტოპ-ლიგებში მოასპარეზე ქართველი მორაგბეებისთვის ნაკლებად შედეგიანი გამოდგა. ეს ინდივიდუალური კუთხით, თორემ გუნდური თვალსაზრისით ჩვენს ბიჭებს ნამდვილად წარმატებული დღეები ჰქონდათ.

No description available.საფრანგეთის მთავარ ლიგა ტოპ 14-ში ერთბაშად სამმა ქართველმა 80-ივე წუთი ითამაშა, თანაც სამივე მათგანი ახალი თაობის ბორჯღალოსანია და ეს ფაქტი საკმაოდ პოზიტიურად გამოიყურება. თორნიკე ჯალაღონიამ პირველად ითამაშა „ბიარიცში“ თავის ძირითად, 8 ნომრის პოზიციაზე და ერთ-ერთი საუკეთესოც იყო ძალიან მაგარ „რასინგ-92“-თან 28:19 მოგებულ შეხვედრაში, რომლის ბოლო 4 წუთი ბასკთა შორის უჩა ჭეიშვილმაც ითამაშა, ხოლო პარიზელებში სასტარტო №1 გურამ გოგიჩაშვილი გახლდათ, ვინც ჯერ 43-ეზე შეცვალეს, მერეკი 69-79-ე წუთების ინტერვალიც გაატარებინეს მოედანზე გასინბინებული შემცვლელის მაგივრად.

ჩვენთვის ყველაზე სასიამოვნო ფაქტი კი „ლიონში“ დაფიქსირდა, სადაც „მელიებმა“ „პერპინიანს“ 7 უპასუხო ლელო დაუდეს და 47:3 გადაუარეს. ჰოდა ამ საოცარ გამარჯვებაში 80-80-წუთიანი წვლილი ბექა საღინაძემ და დავით ნინიაშვილმა შეიტანეს. თუკი ბექასთვის ეს 80 წუთი და დაცვა-შეტევაში ერთნაირად სტაბილური, აგრესიული და ეფექტური თამაში დიდი ხანია ჩვეული საქმეა, 19 წლის დავითისთვის ეს იყო დებიუტი მოზრდილთა საკლუბო დონეზე. შეხსენებისთვის, ნინიაშვილი საფრანგეთისა და ევროპის უძლიერესი ლიგის ერთ-ერთ გამორჩეულ კლუბში ისე მოხვდა, რომ საქართველოს უმაღლეს ლიგაში ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია!

ნინიაშვილი მისთვის უჩვეულო, გარემარბის პოზიციაზე ათამაშეს, თუმცა ჩვენი ოქროს ჭაბუკი არ დაბნეულა და ისე ითამაშა, თითქოს ამ ამპლუაში და მით უფრო ამ დონეზე ჭიპი ჰქონდეს მოჭრილი.

დამარცხებულ კატალონიელთა შორის პირველი 46 წუთი გიორგი თეთრაშვილმა ითამაშა.

No description available.პირველი ტურის დარად, „ბრივმა“ შინ კვლავ ბონუსით მოიგო. ამჯერად მის შეტევებს „პო“ შეეწირა, რომლის სასტარტო 8 ნომერი ბექა გორგაძე იყო. ბასკებმა ბორჯღალოსანი შესვენებისას შეცვალეს, მაგრამ 62-ე წუთზე დააბრუნეს და ბოლომდეც ათამაშეს. ბრიველებმა კი 30:13 მოიგეს და „ლიონთან“ და „კასტრთან“ ერთად 10-10 ქულით მეორე-მეოთხე ადგილებს ინაწილებენ. „ბრივის“ სასტარტოში ლუკა ჯაფარიძე იყო, რომელიც პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს, თუმცა 58-ეზე კვლავ უხმეს მინდორზე და ბოლომდე ათამაშეს. ვასილ ლობჟანიძე კი შეცვლაზე ხსენებულ 58-ე წუთზე შევიდა.

„კასტრი“ ვახსენეთ და ლევან ჩილაჩავას გუნდი საშინაო მატჩში „ბორდოს“ 23:23 დაუზავდა. თავად ლევანი თამაშში 57-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო სტუმართა შორის პირველი ტაიმი და ზედაც ბოლო 10 წუთი ლექსო ყაულაშვილმა გაატარა, ვინც გასული ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

და ვინაა ლიდერი? საფრანგეთისა და ევროპის საკლუბო ჩემპიონი „ტულუზი“ 13 ქულით პირველ ადგილზეა, მაგრამ ბოლო 4 ქულა გუნდმა შემთხვევით მოიპოვა. „მონპელიესთან“ გასვლით მატჩს ჩემპიონი 66-ე წუთამდე 17:3 იგებდა, მაგრამ მონპელიელებმა მრისხანე მეტოქე არნახულ წნეხში მოაქციეს და დარჩენილ დროში ორი ლელო გაიტანეს, რომელთაგან დასკვნითი ვერ გარდასახეს. მთლიანობაში საუცხოოდ მოთამაშე იტალიელმა პაულო გარბიზიმ 76-ეზე ააცილა და გათანაბრების შანსი გაუშვა ხელიდან, ხოლო დარჩენილ დროში მასპინძელთა გააფთრებულ შეტევებს წერტილი ბურთის ხელიდან გავარდნამ დაუსვა – 15:17 და „მონპელიემ“ სანუგეშო ქულა მიიღო.

„მონპელიეს“ სასტარტოში გელა აფრასიძე იყო და გარბიზისთან ერთად ძალიან საინტერესო ღერძს ქმნიდა, მაგრამ მე-15 წუთზე ქართევლმა სქრამ-ჰავმა ტვინის შერყევა მიიღო და მოედანი დატოვა. საგანგაშო ფაქტია, რადგან მიუხედავად თავისი 22 წლის ასაკისა და არცთუ ხანგრძლილი პროფესიული კარიერისა, ეს გელასთვის უკვე მეოთხე თუ მეხუთე ტვინის შერყევაა. იმედია, ექიმების ვერდიქტი პოზიტიური იქნება…

კიდევ ერთ თრილერში „კლერმონმა“, როგორც იქნა, გამარჯვება იზეიმა 23:22, ხოლო „ლა როშელს“ აქტივში სამ ტურში 2 ბონუს-ქულა აქვს. ამ უკანასკნელის შემადგენლობაში ბოლო 11 წუთი გურამ პაპიძემ ითამაშა.

No description available.ტურის დასკვნით მატჩში ერთმანეთს დიდებადაკარგული გრანდები დაუპირისპირდნენ – „ტულონმა“ „სტად ფრანსეს“ უმასპინძლა, დიდი ანგარიშითა და ბონუსით, 38:5 დაამარცხა და 0 ქულით ცხრილის ფსკერზე ჩატოვa. ტულონელთა სასტარტოში ბექა გიგაშვილი იყო, ვინც 64-ე წუთზე დაასვენს. მანამდე, 52-ეზე თამაშში პარიზელი გიორგი მელიქიძე ჩაერთო, მაგრამ, სამწუხაროდ, დაშავდა და 18 წუთში სათამაშო მოედანი დატოვა.

პრო დ2-ში მომხდარი ამბებიდან გამოვყოფთ გრიგორ ქერდიყოშვილის დებიუტს საფრანგეთის ჩემპიონატში. საქართველოს ნაკრების მხტომელმა მძიმე ტრავმა მოიშუშა და „ბრესანთან“ საშინაო მატჩის 57-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა იმ „აჟენის“ შემადგენლობაში, რომელიც გასულ სეზონში ტოპ 14-ს ისე გამოეთხოვა, რომ ერთი გამარჯვებაც ვერ იზეიმა და ახლა უკვე პრო დ2-ში იგივეს აგრძელებს – სტარტიდან მეოთხე მატჩიც წააგო (24:28).

ლიგის ცხრილს სათავეში 18 ქულით „მონ-დე-მარსანი“ უდგას, რომელსაც ფეხდაფეხ „კოლომიე“ და „მონტობანი“ მისდევენ (17-17 ქულა).

დაბოლოს, ინგლისის პრემიერშიფზეც ვთქვათ, სადაც წლეულს ერთადერთი წარმომადგენელი გვყავს – გიორგი კვესელაძე. ქართველი ცენტრის „გლოსტერმა“ „ნორთჰემპტონთან“ გასვლა 20:36 დათმო, კვესელაძემ კი ბოლო 20 წუთი შეცვლაზე ითამაშა.