გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ შინ, დრამატულ შეხვედრაში წააგო „რეალთან“ 1:2. „ღამურები“ 1:0-ს იგებდნენ, მაგრამ მატჩის მიწურულს, ორწუთიან მონაკვეთში ორი გოლი გაუშვეს. ეს 86-ე და 88-ე წუთებზე მოხდა. როგორც მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე მადრიდელთა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ თქვა, მას ჰყავს გუნდი, რომელიც კარგად თამაშობს თუ ცუდად, ბოლომდე იბრძვის და არასდროს ნებდება.

„დღეს მე სწორედ ის დავინახე“, — თქვა იტალიელმა.

რაც შეეხება ვალენსიელთა თავკაც ხოსე ბროდალასს, კითხვაზე, მაინც რა მოხდა იმ ავადსახსენებელ ბოლო 15 წუთში, როდესაც მისმა გუნდმა უკან დაიხია, მან ასე უპასუხა:

„უპირველეს ყოვლისა მოხდა ის, რომ „რეალი“ აგებდა, მადრიდელებს კი მაღალი დონის გუნდი და დიდებული შემადგენლობა ჰყავთ. ისინი ანგარიშის გასათანაბრებლად მთელი ძალებით წამოვიდნენ. შემდეგ ბურთი დიმიტრი ფულკიეს მოხვდა და ჩვენს კარში შევარდა, რაც უიღბლობა გახლდათ, მაგრამ, მაინც უკეთ უნდა გვცოდნოდა, როგორ უნდა დაიცვას ასეთ დროს გუნდმა კარი. მეტოქეს საჯარიმოში ძალიან ბევრი ბურთი ჩავაწოდებინეთ — ბოლო წუთები კარგად ვერ წავიკითხეთ, რისთვისაც დავისაჯეთ. „რეალმა“ ამ მონაკვეთში კოლოსალური ძალ-ღონე დახარჯა და მათმა მონდომებამ შედეგი გამოიღო.

მინდა ავღნიშნო ჩემი ფეხბურთელების მიერ გაწეული სამუშაო და გულშემატკივრის თანადგომა. ქომაგებს დიდ მადლობას ვუძღვნი. შედეგმა გული დაგვწყვიტა, რადგან ძირითადად კარგად ვითამაშეთ“.

საბედისწერო ბოლო 2 წუთს, მატჩისშემდგომ მიმოხილვებში ესპანური წყაროები ერთნაირად აღწერენ. პირველ შემთხვევაში ეს იყო რიკოშეტი, რომელმაც ბურთს გეზი უცვალა და გიორგი მამარდაშვილმა ვეღარაფერი გააწყო, მეორე ეპიზოდში კი ქარიმ ბენზემამ ნახტომით ყველას დაასწრო და ლა ლიგაში თავისი 198-ე გოლი გაიტანა.

ამ ორი ეპიზოდის გარდა, — როდესაც „ვალენსიამ“ მადრიდელთა ზეწოლას ვეღარ გაუძლო და საკუთარ საჯარიმოს მიეჯაჭვა, — როგორც მთლიანად გუნდმა, ისე მამარდაშვილმა ამოცანას თავი კარგად გაართვეს. მამარდაშვილმა 8 დარტყმა მოიგერია, „ღამურები“ კი მთელ რიგ ეპიზოდებში ჯობდნენ მადრიდელებს და იგებდნენ კიდეც 1:0-ს. და ეს მიუხედავად იმისა, რომ ტრავმების გამო მათ მე-15 წუთზე ლიდერის კარლოს სოლერის, ხოლო 23-ზე ტიერი კორეიას შეცვლა მოუხდათ.

შემდეგ შეხვედრას „ვალენსია“ ოთხშაბათს, 22 სექტემბერს, სტუმრად, „სანჩეს პისხუანზე“ „სევილიას“ წინააღმდეგ გამართავს.