ტროი დინი „ბირმინგემ სიტის“ ფეხბურთელია, ჩემპიონშიპში გამოდის. ის 33 წლისაა და ბლოგერობა დაუწყია. გთავაზობთ მის ნაწერს კრიშტიანუ რონალდუს შესახებ, რომელიც „სანში“ წავიკითხეთ და საინტერესოდ მივიჩნიეთ.

„მეკარე ლი გრანტმა მოყვა, რომ კრიშტიანუ რონალდუს დებიუტის წინა საღამოს, სასტუმროს რესტორანში, „მანჩესტერ იუნაიტედის“ უკლებლივ ყველა ფეხბურთელმა იუარა დესერტის ჭამა. მათ დაუნახავთ, რომ რონალდუ მხოლოდ ქინოასა და ავოკადოს მიირთმევდა და ახალი თანაგუნდელისთვის ჯანსაღ კვებაში მიბაძვა გადაუწყვეტიათ.

ეს ამბავი მართალი იქნება. კრიშტიანუ ჩემს გუნდში რომ გადმოსულიყო, მეც ასე მოვიქცეოდი. რომ დამენახა, როგორ ჭამს რონალდუ მატჩის წინ ცხენის ნეხვს, მეც ნეხვს შევჭამდი.

ყველას კარგად მოეხსენება, როგორ უვლის რონალდუ თავს.

ამის მისახვედრად საკმარისი იყო შეგეხედათ მისი სხეულისთვის, როდესაც პორტუგალიისა და ირლანდიის ნაკრებთა შესარჩევი შეხვედრის მიწურულს მან ორი გოლი გაიტანა, სანაკრებო ფეხბურთის ისტორიაში გატანილი გოლების მსოფლიო რეკორდი დაამყარა და მაისურა გაიხადა.

იმის თქმა არ მინდა, რომ ჩვენ, დანარჩენი პროფესიონალი ფეხბურთელები ცუდ ფორმაში ვართ, მაგრამ მისი სხეული ყველაფერზე მეტყველებდა. შეუძლებელი იყო შურით არ შეგეხედა მისი კუნთებისთვის.

როდესაც რონალდუ შენი თანაგუნდელი ხდება, არ უნდა გეგონოს, რომ შენც მის მსგავსად შეძლებ თამაშს, მაგრამ იმ დღიდან თვალწინ გექნება მისი პროფესიონალიზმის მაგალითი და მოგინდება ყველაფერში მიბაძო, რათა რაც შეიძლება კარგად ითამაშო.

თუ რონალდუ ვარჯიშზე დილის 8 საათზე მოვიდოდა, მეც რვაზე მივიდოდი. თუ იქიდან საღამოს 7 საათზე წამოვიდოდა, მეც საღამოს 7 საათამდე გავჩერდებოდი.

„იუნაიტედში“ ბევრი დიდი ფეხბურთელია, მაგრამ რონალდუ გამორჩეულია და რაკი ასეა, მას ყველანი აღტაცებით დაუწყებენ ყურებას.

შეიძლება ერთ-ორს სიმშვიდის შენარჩუნება და ისე მოქცევა ეცადა, ვითომც რონალდუს მოსვლით დიდი არაფერი მომხდარა, მაგრამ განა ამას რაიმე აზრი აქვს? გინდა თუ არა, პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში მის გარშემო მოტრიალე უბრალო ფანი იქნები. მე თავად საკმაოდ თვითდაჯერებული და ჯიქური ვინმე ვარ, მაგრამ ის რომ ჩემს გუნდში გადმოსულიყო და მომსალმებოდა, ალბათ ყბა ჩამომივარდებოდა და ლუღლუღს დავიწყებდი.

როდესაც „სანის“ მოწყობილ Who Cares Wins დაჯილდოებაზე ვიყავი, ცხოვრებაში პირველად შევხვდი დევიდ ბექემს და მაშინაც იგივე მომივიდა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის ჩემთან მოვიდა და მითხრა: „გაუმარჯოს ტროი, როგორ ხარ?“

ვიდექი და ვფიქრობდი, ნეტავ ჩემი სახელი საიდან იცის? ეს ხომ ის ბიჭია, რომელმაც ჩემს ბავშვობაში საბერძნეთს ისტორიული ჯარიმა გაუტანა და ინგლისის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიყვანა. ის ხომ ის ბიჭია, რომელსაც „ადიდასის“ ბუცები ეცვა და მისი წაბაძვით ყველანი „ადიდასებს“ ვიცვამდით.

პრემიერლიგაში არაერთი წელი მითამაშია და ყურადღებას თავადაც შეჩვეული ვარ, მაგრამ როდესაც ბექემს ან რონალდუს ხვდები, ამას არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს.

რამდენიმე ექსპერტმა იკითხა, შეძლებს კი რონალდუ გააძლიეროს „მანჩესტერ იუნაიტედი“? შეძლებს კი ის კვლავ დაეტყოს პრემიერლიგას? და მე თავადაც არ ველოდი იმას, რაც „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ნიუკასლის“ შეხვედრაში (4:1) ვნახე. საკუთარი თავისთვის სახეში გარტყმა მომინდა, მკრეხელობა როგორ იკადრე, მეთქი.

ის მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ყველაზე დიდი მათ შორის ვისი თამაშიც მინახავს.

მე მას ლეო მესიზე წინ დავაყენებ, რადგან რონალდუ კარიერის განმავლობაში საოცრად განვითარდა, ხოლო როდესაც ცენტრალური თავდამსხმელი გახდა ფაქტობრივად თავიდან აღმოაჩინა საკუთარი თავი. გარდა ამისა ის არ მოერიდა დიდ გამოწვევებს და სხვადასხვა ლიგებში გამოსცადა თავი.

დღეს რონალდუ უწინდელზე ჭკვიანი, დაღვინებული და უმაღლესი რანგის პროფესიონალია. მისი ახალი თანაგუნდელები დადგებიან იმ ფაქტის წინაშე, რომ მას გუნდში ყველაზე მაღალი სტატუსი ექნება — პოლ პოგბაზე მაღალიც — და ამას თავად კრიშტიანუც დაინახავს. მას, ქვეყნისა და კლუბისა სახელით 800-მდე გოლის ავტორს, თავისდაუნებურად ნებას მისცემენ გამოამჟღავნოს გარკვეული ეგო.

რაიმე სერიოზული შეცდომაც რომც დაუშვას, თანაგუნდელები ეტყვიან, „კარგი რა, რონ“ და ცხადია, ვერავი გაუბედავს უთხრას „…. ყოფილხარ, ძმაო“.

„მანჩესტერ იუნაიტედში“ მალე მიეჩვევიან ასეთი თანაგუნდელის ყოფნას და ყველანი შეეცდებიან დაამტკიცონ, რომ მასთან ერთად ერთ გუნდში თამაშის ღირსები არიან.

ზოგი მოწინააღმდეგე რონალდუს დანახვაზე გვირაბშივე გატყდება — ის „იუნაიტედს“ აურას შემატებს. მის წინააღმდეგ მოთამაშე ყველა მცველი ერთიორად მოინდომებს, თუნდაც იმიტომ, რომ ინტერნეტის ხუმრობებში არ მოხვდეს.

რაც შეეხება პროგნოზს, მაინც არ მგონია, რომ „იუნაიტედი“ პრემიერლიგის ჩემპიონი გახდება. ვფიქრობ, პირველსა მეოთხე ადგილებს შორის სხვაობა სულ 6-7 ქულა იქნება, მაგრამ „სიტი“, „ჩელსი“ და „ლივერპული“ მაინც უფრო მაღალ ადგილს დაიკავებენ.

რონალდუ კი თანაგუნდელებს მაქსიმუმს გამოწურავს. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მათ პარასკევს ვაშლის ნამცხვარზე უარის თქმა მოუწევთ“.