ინგლისის ნაკრებისა და „ჩელსის“ ვარსკვლავმა რიის ჯეიმსმა გაასაჯაროვა საოცარი ვიდეო სადაც ჩანს, თუ როგორ შედიან მის სახლში ქურდები, რომლებიც მედლებსა და თასებს იპარავენ.
21 წლის ფეხბურთელის თქმით, ეს ამბავი სამშაბათს მოხდა. ქურდებს ბევრ სხვასთან ერთად ევრო 2020-ის, ჩემპიონთა ლიგისა და სუპერთასის მედლებიც გაუყოლებიათ ხელს.
ვინაიდან ვიდეოზე ყველაფერი შესანიშნავად ჩანს, მომხდარის დეტალურად აღწერა საჭიროდ აღარ მიგვაჩნია. ფეხბურთელს იმედი აქვს, რომ ამ სულმდაბალი ადამიანების ამოცნობაში ხალხი დაეხმარება და მისთვის ასე ძვირფას მედლებს დააბრუნებინებს,
ჯეიმსმა სოციალურ ქსელში დაწერა: „იმედი მაქვს, ერთად შევძლებთ ამ ადამიანების დაკავებას და იქ მიყვანას, სადაც მათი ადგილია“.
ჯეიმსმა ისიც დაწერა, რომ ქურდობის დროს თავად შინ არ იმყოფებოდა და მის ჯანმრთელობას არაფერი დამუქრებია.
„მოპარული მედლები მე ინგლისის ნაკრებისა და „ჩელსის“ შემადგენლობაში მოვიპოვე, ამ ჯილდოებით ვამაყობ და მათ ვერავინ წამართმევს. მედლების ფიზიკური არსებობა არ არის აუცილებელი იმისათვის, რომ ვიამაყო და თავი დიდი წარმატებების მონაწილედ ვიგრძნო.
ამის მიუხედავად, მივმართავ „ჩელსისა“ და ინგლისის ნაკრების გულშემატკივრებს, დამეხმარონ ამ არამზადების პოვნაში, რომელთა წინააღმდეგ სულ მეტი და მეტი სამხილი გროვდება, რის გამოც ისინი ამიერიდან მშვიდად ცხოვრებას ვეღარ შეძლებენ.
მე მეხმარება პოლიცია, მრჩეველთა ჯგუფი, „ჩელსი“, ინგლისელი ფანობა და ქურდებს კვალში ვუდგავართ“.
რიის ჯეიმსს ქურდებთან არ უმართლებს. ასე მაგალითად, დეკემბერში, როდესაც ის უპოვართათვის საქველმოქმედო საჩუქრებს არიგებდა, მისი მანქანის შუშა ჩატეხეს და საჩუქრები წაიღეს.