See the source imageეს მოძველებული ამბავია – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ჟურნალისტებთან გაბუტვა დაიწყო. ადრეც ყოფილა მსგავსი შემთხვევები რიგ მედია-საშუალებებთან, მაგრამ ასეთი მასიური არა… თუმცა, ბოლოს ყველამ ცუდად დაამთავრა…

მაინც და მაინც ჩრდილოეთ კორეას გინდათ დაემსგავსოთ? ჯერ იყო და სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრები სადმე თამაშს თუ წააგებდა, ფედერაციის ვებ-გვერდზე ისიც არ იკითხებოდა. ახლა სულაც თამაში დამალეთ. თან სად? ორი ფეხის ნაბიჯშიო, რომ იტყვიან…

არ გინდათ რომ გავაშუქოთ? კრიტიკის მიღება გიჭირთ?

არ გამოვა ასე.

ჩვენ იმიტომ ვართ, ჩვენი საქმე ვაკეთოთ, წესით თქვენც… ახლა თქვენ გსურთ, რომ საქმის არკეთებაში ერთმანეთს დავემსგავსოთ? არც ასე გამოვა…

თქვენი თამაშის წესები არ გვაწყობს…

რუსთავში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს ბერძენ თანატოლებთან უთამაშია და მატჩი 2:2 დამთავრებულა.

რა საბერძნეთი, რის 17-წლამდელები და ამხანაგური? ბუნებრივია, დაგაინტერესებთ… დიახ, ფეხბურთის ფედერაციამ მალულად ჩაატარა საქართველოს ასაკობრივი ნაკრების საერთაშორისო მატჩი! აქ, საქართველოში! კიდევ კარგი ჩვენებმა არ წააგეს, თორემ გვჯერა, ამ 2:2-ის ამბავიც არ გახმაურდებოდა, „შინაურულად“ თუ რამეს გავიგებდით…

P.S. ერთხელ, ბნელ 90-იანებში ქართველმა მწვრთნელმა უცხოეთში მოსამზადებლად მყოფი თავისი გუნდის ამხანაგური მატჩის შედეგი დამალა – მატჩი ფრედ დამთავრდაო. სინამდვილეში იმ კაცის შეგირდებს დიდი ანგარიშით წაეგოთ. სად იყო მაშინ ინტერნეტი და კარგი ცხოვრება… საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კი ინფორმაციის დამალვას 21-ე საუკუნეში ცდილობს… ვაჰ, ბედკრულო ქართულო ფეხბურთო!