„ლესტერისა“ და „ნაპოლის“ ევროლიგის შეხვედრა გულშემატკივართა ჩხუბით დასრულდა. ზოგმა ქამარი მოიხსნა და იარაღად გამოიყენა.

დაახლოებით 100 პოლიციელი და სტიუარდი გაეშურა „კინგ პაუერ სთედიუმის“ შორეულ კუთხესთან, სადაც 250 იტალიელ ფანს საფინალო სასტვენის შემდეგ ბოთლები დააყარეს.

იყო შემაძრწუნებელი სცენები, როდესაც პოლიციელები ხელკეტების ქნევით ცდილობდნენ გაეკვლიათ გზა მოჩხუბართა შორის, რამენაირად რომ დაეშორებინათ ისინი.

სტადიონის ინფორმატორი დინამიკებში დაჟინებით მოუწოდებდა ლესტერელ ფანებს პატივი ეცათ თავიანთი კლუბისთვის და გამყოფ ხაზს მიღმა გადასულიყვნენ.

ერთ მომენტში პოლიციამ და სტიუარტებმა თითქოს აღადგინეს კიდეც წესრიგი, მაგრამ ის წარმოსახვითი აღმოჩნდა და შეტაკებამ ახალი ძალით იფეთქა.

ვნებათაღელვა თამაშის დრამატულმა მიმდინარეობამ განაპირობა. „ლესტერმა“ ორბურთიანი უპირატესობა გაუშვა ხელიდან. ნიგერიელმა ვიქტორ ოსიმენმა 69-ე და 87-ე წუთებზე გაუტანა „მელიებს“, არადა მათ გულშემატკივარს თამაში უკვე მოგებული ეგონა.

როგორც ინგლისური პრესა იტყობინება, მასპინძელი ფანების გახელება „ნაპოლის“ რამდენიმე ქომაგმა გამოიწვია, რომელთაც შეხვედრის დამთავრებისთანავე „ლესტერის“ ფანებს გამოჯავრება დაუწყეს. მერე უარესი მოხდა, ზოგიერთ მათგანს ინგლისელთა სექტორში, სადაც ბავშვებიც ისხდნენ, სხვადასხვა საგნის სროლა დაუწყია. ბოთლიც კი უსვრიათ, რაზეც მძაფრი საპასუხო რეაქცია მიიღეს.

გავეშებულმა ინგლისელმა მაყურებელმა წინაღობები გადალახა, სტიუარდები გადათელა და იტალიელებს თავს დაესხა. რამდენიმე იტალიელმა გადაწყვიტა ქამრით დაეცვა თავი.

საბოლოოდ, პოლიციის რაზმმა „ნაპოლის“ ფანები ერთად შეყარა, გარს შემოერტყა და ნახევარი საათის განმავლობაში იცავდა. ამასობაში, ლესტერელმა მაყურებელმა საბედნიეროდ სტადიონი დატოვა.

ახლა გამოძიება შეეცდება უპირველეს ყოვლისა დაადგინოს ის, თუ რატომ გამოვიდა მდგომარეობა სამართალდამცველთა კონტროლიდან ასე მოკლე ხანში.

„ლესტერი“ უეფას ვერდიქტს დაელოდება.