წვიმიან ბათუმში ჩემპიონატის ყველაზე უხვგოლიანი მატჩი გაიმართა. მასპინძელმა ბათუმელებმა „ლოკომოტივს“ 7:3 მოუგეს… მათი 8:1-იც გავიხსენოთ აპრილში „შუქურასთან“ და შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ბათუმი“ ქართულ „ბაიერნად“ ყალიბდება. ბავარიელებმა იციან ხოლმე ასეთი ანგარიშებით მეტოქეების განადგურება.
„ბაიერნთან“ შედარება, ცხადია, ცოტა ხუმრობანარევია, მაგრამ მაინც.
არადა, „რკინიგზელები“ ზღვისპირელთათვის ბოლო დროს უხერხული მეტოქეები არიან და პირველი ტაიმის შემდეგაც, ყველაზე თამამი მეპროგნოზეც ვერ იტყოდა, რომ შესვენების კვალად მოვლენები ასე განვითარდებოდა. თანაბარი თამაში იყო, მეორე ტაიმის დასაწყისში კი სტუმრებმა ორჯერ გაუტანეს გია გეგუჩაძის გუნდს და უგებდნენ კიდეც. მერე კი შეცვლაზე შესულმა გიორგი ნავალოვსკიმ გაათანბრა და მიჰყვა…
დუბლი მიითვალეს გიორგი ფანცულაიამ, ჯაბა ჯიღაურმა და ნავალოვსკიმ. ვნახეთ რამდენიმე ულამაზესი გოლიც. მოკლედ, ბათუმელებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ამ ეტაპზე, ელიგაში საუკეთესო გუნდი ჰყავთ. მაგრამ ჩემპიონატის დასრულებმდე ჯერ შორია.
„დინამომ“ გორის „დილას“ ვერაფერი მოუხერხა და უგოლოდ დაშორდა. ახლა გეგუჩაძის გუნდი ცხადაძისას უკვე ხუთი ქულით უსწრებს.
„საბურთალომ“ „თელავს“ დრამატულ მატჩში გერმანელი დებიუტანტის, სიმონ ზეფერინგსის 93-ე წუთზე გატანილი გოლით მოუგო და მესამე ადგილზე დადგა. არადა, დამთავრებამდე 15 წუთით ადრე თელაველებმა გახსნეს ანგარიში. ახლა მათი შვიდმატჩიანი წაუგებელი სერიაც დამთავრდა და ისევ გასავარდნ ზონაში მოექცნენ, რადგან „ტორპედომ“ უნიშვნელოვანესი შეხვედრა მოუგო ერთ-ერთ მათავარ კონკურენტ „შუქურას“ – 2:1.
ტურის გამხსნელ მატჩში კი „სამგურალმა“ „სამტრედიას“ 4:0 აჯობა, დუბლი მიითვალა სერგო კუხიანიძემ.
სამგურალი 4:0 სამტრედია
1:0 ვერულიძე (7), 2:0 ფონიავა (25), 3:0, 4:0 კუხიანიძე (37, 71 პენ)
ბათუმი 7:3 ლოკომოტივი
1:0 ჯიღაური (21), 1:1 დარცმელია (50), 1:2 კირკიტაძე (55), 2:2 ნავალოვსკი (64), 3:2 ჯიღაური (69), 4:2 ფანცულაია (72), 5:2 გაფრინდაშვილი (80), 6:2 ფანცულაია (84), 7:2 აზაროვი (87), 7:3 გავაშელიშვილი (88)
საბურთალო 2:1 თელავი
0:1 ჩოგაძე (75), 1:1 გოჩოლეიშვილი (77), 2:1 ზეფერინგსი (90+3)
ტორპედო 2:1 შუქურა
1:0 ბუკასი (6), 1:1 ჯერალდო (75), 2:1 ახვლედიანი (86)
დინამო 0:0 დილა
| გუნდი | თამაში | მოგება | ფრე | წაგება | ბურთები | ქულა |
|---|---|---|---|---|---|---|
| ბათუმი | 36 | 21 | 12 | 3 | 73:27 | 75 |
| დინამო | 36 | 21 | 7 | 8 | 59:28 | 70 |
| დილა | 36 | 17 | 10 | 9 | 48:35 | 61 |
| საბურთალო | 36 | 15 | 12 | 9 | 52:40 | 57 |
| ლოკომოტივი | 36 | 15 | 8 | 13 | 57:59 | 53 |
| თელავი | 36 | 12 | 8 | 16 | 35:53 | 44 |
| სამგურალი | 36 | 9 | 14 | 13 | 34:46 | 41 |
| ტორპედო | 36 | 9 | 13 | 14 | 38:44 | 40 |
| შუქურა | 36 | 5 | 12 | 19 | 28:49 | 27 |
| სამტრედია | 36 | 5 | 6 | 25 | 33:76 | 21 |
მეგოლეები: გიორგი ფანცულაია (ბათუმი) – 12, სერგო კუხიანიძე (სამგურალი), ზორან მარუშიჩი (დინამო) – 9, გიორგი გაბედავა (დინამო), ჯაბა ჯიღაური (ბათუმი) – 8





