რამდენი ვწერეთ კრიშტიანუ რონალდუს ახალ მანჩესტერულ სახლ-კარზე, ის კი სხვაგან გადასახლდა. მიზეზს არ იკითხავთ? თურმე დილაობით სოფლის ცხვრები აღვიძებდნენ.
36 წლის ვარსკვლავმა ერთი შვიდსაძინებლიანი აგარაკი მეორე ასეთსავე აგარაკში გადაცვალა. თამაშებს შორის კარგი დასვენება მჭირდებაო.
რონალდუს ახალი საცხოვრებელი 3 მილიონი გირვანქა ღირს. ადრე ის სხვა მანჩესტერელ ფეხბურთის ვარსკვლავს ეკუთვნოდა.
გეხსომებათ, როდესაც კრიშტიანუმ ირლანდიასთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი შეხვედრის ბოლოს ორი გოლი გაიტანა, რეკორდი დაამყარა და მაისურა გაიხადა, მსაჯმა ყვითელი ბარათით დასაჯა. ამან ლეგენდარულ ფეხბურთელს საშუალება მისცა ნაკრებს ყატართან და აზერბაიჯანთან სათამაშოდ აღარ გაჰყოლოდა და მანჩესტერში ჩასულიყო, სადაც დაცვამ აეროპორტიდანვე მიიყვანა 6 მილიონ გირვანქად შეფასებულ სახლში, რომელიც მისთვის შეარჩიეს. რონალდუს თანამეცხედრეს ხეორხინა როდრიგესსა და მათ ოთხ შვილს კი ერთ კვირაში სხვაგან გადასახლება მოუხდათ.
რონალდუების ცხოვრებაში ჩახედულმა ადამიანმა „სანს“ უთხრა: „ნაკვეთი საუცხოო იყო, მას ჰქონდა თავისი ბორცვიანი მინდვრები და ტყე, მაგრამ იქ დადიოდა ცხვრის ფარა, რომელიც ბღაოდა და დილაობით ოჯახს სიმყუდროვეს ურღვევდა.
თურმე, ტერიტორიაზე, რომელიც 9,3 ჰექტარს შეადგენდა, გადიოდა საზოგადოებრივი ბილიკი ხოლო პირდაპირ, გზაზე ჭიშკარი ჩანდა.
რონალდუ კი გახლავთ მაღალი დონის პროფესიონალი, რომლისთვისაც დასვენება და ძალ-ღონის აღდგენა უმნიშვნელოვანესია, ამიტომ ოჯახმა ითათბირა და გადაწყვიტა საცხოვრებელი გამოეცვალათ“.
ახალი სახლ-კარი ჩეშირში მდებარეობს. მას აქვს აუზი, პატარა კინოდარბაზი და გარაჟი 17 მილიონ გირვანქად შეფასებული ოთხი მანქანისთვის.
ტერიტორიაზე დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერები, მოქმედებს ელექტრული ჭიშკარი და პატრულირებს დაცვა.
უძრავი ქონების აგენტების თქმით, აგარაკი გამორჩეულია იმით, რომ სახლიდან ხედი ულამაზეს ბაღზე გადის. ღამის ცხოვრებით დაინტერესებულ ადამიანს კი ფეხით რამდენიმე წუთში შეუძლია სასურველ ადგილზე მისვლა.
რონალდუს ბავშვებმა კერძო სკოლაში დაიწყეს სიარული. კრიშტიანუ იმედოვნებს, რომ როგორც კი მისი „იუნაიტედში“ დაბრუნებით გამოწვეული აჟიოტაჟი ჩაცხრება, ის და ხეორხინა წყნარად შეძლებენ მათ საყვარელ ინგლისურ სპორტის სახეობებზე სიარულს.