უმთავრესმა ევროტურნირმა ერთდრულად რამდენიმე თრილერი შემოგვთავაზა, მაგრამ ისტორიას ყველა ვერ შემორჩება.
სევილიის „რამონ სანჩეს პისხუანზე“ კი ნამდვილად ისტორიული მატჩი შედგა. აქამდე ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში ოთხი პენალტი არასოდეს დანიშნულა, აქ კი ინებეთ – მხოლოდ პირველმა ტაიმმა დაიტია. მშრალი ქრონოლოგია ასეთი გახლავთ:
11-ე წუთი. სევილიელი დიეგო კარლოსი საკუთარ საჯარიმოში სტუმარი „ზალცბურგის“ შემტევ კარიმ ადეიემს ეუხეშა. პენალტი თავად დაზარალებულმა დაარტყა და… ბურთი კარს ააცილა.
21-ე წუთი. ადეიემე ამჯერად ხესუს ნავასმა წააქცია. პენალტი გოლად ლუკა სუჩიჩმა აქცია და ავსტრიელები დააწინაურა.
37-ე წუთი. ისევ ადეიემე გაიქცა! ისევ წააქციეს! ბურთთან ისევ ლუკა სუჩიჩი მივიდა – ძელი!
42-ე წუთი. მასპინძელთა რიგი დადგა. ავსტრიელებმა საჯარიმოში იუსეფ ენ ნასერი წააქციეს. ივან რაკიტიჩმა აუღელვებლად გაათანაბრა ანგარიში და შეხვედრაში მეტი გოლი აღარც გასულა.
რაც ყველაზე საინტერესოა, ოთხი პენალტის მიუხედავად, ბელარუს არბიტრთა მისამართით საყვედური არავის დასცდენია.